Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა

არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა


„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის, გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს“, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიაზე.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და დღეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების განვლილ 100 წელიწადს და ასევე, დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიან წევრობასთან აახლოებს.

თავისუფლების საპარლამენტო ორდენითა და პარლამენტის მედლით პირთა დაჯილდოების წესის მიხედვით, ჯილდო, რომელიც ირაკლი კობახიძეს გადაეცა, „გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, საქართველოს პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის“. ამავე წესის მიხედვით, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით/პარლამენტის მედლით დაჯილდოების შემთხვევაში პირს გადაეცემა ორდენი/მედალი და ეძლევა ერთდროული ფულადი ჯილდო. აღნიშნული ფულადი ჯილდო [3 000 ლარის ოდენობით] გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე“.

„ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, 21 ივნისს გადადგა.

XS
SM
MD
LG