Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი


საქართველოს შსს აცხადებს, რომ „პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“.

ეს განცხადება შსს-მ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამომძიებლები არ შეუშვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ნიკა მელია იმყოფება შენობაში და მათი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

შსს-ს განცხადებით, „საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“.

შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

17 თებერვალს, მოამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. მელია, რომელიც სასამართლოში სხდომას არ დასწრებია და ამჟამადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში იმყოფება, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

XS
SM
MD
LG