Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანა არენდტი: უკომპრომისო ფიქრი უპრეცედენტო ბოროტებაზე


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

2017 წელს „ამაზონის“ ბესტსელერების სიაში მოულოდნელად აღმოჩნდა ორი წიგნი, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული გასული, მეოცე საუკუნის ტრაგიკულ პოლიტიკურ ისტორიასთან. ეს იყო ინგლისელი ავტორის, ჯორჯ ორუელის 1949 წელს გამოქვეყნებული დისტოპიური რომანი “1984”, თავისი დიდი ძმით და ფიქრის პოლიციით, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში ტოტალიტარიზმის თაობაზე ყველაზე შემზარავ გაფრთხილებად ითვლება, და ამ წიგნის ფილოსოფიური, ასე ვთქვათ „არამხატვრული მეგობარი“ - გერმანულ-ებრაული წარმომავლობის, შემდგომში ამერიკელი მოაზროვნის, ჰანა არენდტის „ტოტალიტარიზმის საწყისები“, რომელიც პირველად 1951 წელს გამოქვეყნდა. არენდტის ეს მონუმენტური ნაშრომი - რომელშიც ის ფილოსოფიური და ისტორიული პერსპექტივებიდან ხსნის იმას, თუ საიდან გაჩნდა ნაცისტური და სტალინისტური რეჟიმები და რატომ მოედო ტოტალიტარიზმი ასეთი სისხლიანი ფორმით ევროპას - ამაზონის მომხმარებლებმა ისე დაიტაცეს, რომ ონლაინ გაყიდვების ამ გიგანტურ კომპანიას ერთ ხანს მისი მარაგიც კი ამოეწურა და ამ წიგნის ყიდვა შეუძლებელი იყო.

„როგორ მოხდა, რომ ამ წიგნს ასეთი მძლავრი სათქმელი აღმოაჩნდა ჩვენს დღევანდელობაზე? ამ კითხვის მოკლე პასუხი არის ის, რომ ჩვენც ბნელ დროებაში ვცხოვრობთ“ - წერდა ვაშინგტონ პოსტი. და მართლაც, 2016 წელს შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულიზმის აღზევების ფონზე, მკითხველმა ბევრი საერთო დაინახა არენდტის დროებასა და დღევანდელობას შორის - მარტოობაში და უიმედობაში აღმოჩენილი მასების და პოპულისტი ელიტების ალიანსების, სიცრუეზე და პროპაგანდაზე დაფუძნებული პოლიტიკის, შეთქმულების თეორიებით შეპყრობილობის თუ, ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყიფის თვალსაზრისით. ცხადია, დღევანდელი პოლიტიკის კრიზისი რაოდენ ღრმაც უნდა იყოს, ჯერ არავინ ამტკიცებს იმას, რომ დასავლეთი ტოტალიტარიზმის დაბრუნების საფრთხის წინაშეა. მაგრამ არენდტი ამ წიგნში აღწერს ტოტალიტარიზმის წინა ვითარებას, ელემენტებს, რომლებმაც, ერთობლივი ფორმით, მმართველობის ეს შემზარავი ფორმა მოიტანა - და მისი წიგნიც სწორედ ამიტომ გახდა მწვავეც და მრავლისმთქმელიც.

ჰანა არენდტი, როგორც პოლიტიკის ფილოსოფოსი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ორიგინალური მოაზროვნეა. მისი მემკვიდრეობა მოიცავს მსჯელობას ისეთ ფენომენებზე, როგორებიცაა რევოლუციის ბუნება, თავისუფლება, ძალაუფლება, უუფლებობა, რომელიც ადამიანისთვის ლტოლვილად ყოფნას მოაქვს, ტრადიცია და თანამედროვე, მოდერნული დრო.

ლინდსი სტოუნბრიჯი
ლინდსი სტოუნბრიჯი

არენდტის ნააზრევის თაყვანისმცემლები, მათ შორის ჩემი საყვარელი ავტორი და ისტორიკოსი, ტონი ჯატი, მის კომპლექსურობაში ერთგვარ გზამკვლევად სპეციფიკურ მეთოდს გვთავაზობენ - გვირჩევენ თვალი მივადევნოთ იმ ტრაექტორიას, რომელსაც მის ტექსტებში ბოროტების, უფრო ზუსტად კი მეოცე საუკუნეში გამოვლენილი პოლიტიკური ბოროტების ანალიზი გადის. რადგან მასთან, ალბათ, ვპოულობთ ყველაზე ზუსტ, ყველაზე უკომპრომისო და ყველაზე შემზარავ დიაგნოზს წარსულთან იმ გადამწყვეტი და ბოროტი წყვეტისა, რომელიც უპრეცედენტო პოლიტიკურმა ფენომენმა, ტოტალიტარიზმმა მოიტანა.

ეს ბოროტება არენტს არა მხოლოდ ინტელექტუალურ მუშაობაში, არამედ საკუთარ ბიოგრაფიაში, ცხოვრების განვლილ გზაზე ჰქონდა მტკივნეულად გამოცდილი. 1933 წელს ის გესტაპომ მოკლე დროით დააპატიმრა, ანტისემიტიზმის აღზევების უკანონო კვლევის გამო. შემდეგ მან გერმანია დატოვა და რამდენჯერმე გახდა ლტოლვილი, საფრანგეთის ლტოლილთა საკონცენტრაციო ბანაკშიც მოუწია ყოფნა, სანამ საბოლოოდ თავს შეერთებულ შტატებს შეაფარებდა. ბოროტებას ის მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის, მარტინ ჰაიდეგერის სახითაც შეეხო - რომელთანაც არენდტს ხანგრძლივი ინტელექტუალური და რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა და რომელიც, 1933 წელს, ნაცისტური პარტიის წევრი გახდა.

„ბოროტების პრობლემა ფუნდამენტური საკითხი იქნება ომისშემდგომი

რობერტ იგლსტონი
რობერტ იგლსტონი

ევროპის ინტელექტუალური ცხოვრებისთვისო“ – ამბობდა არენდტი და ამ ბოროტებას ათწლეულების განმავლობაში იკვლევდა. ის წერდა ნაცისტური და სტალინისტური რეჟიმების „რადიკალურ“ და „ექსტრემალურ“ ბოროტებაზე - ზედმეტი, არასაჭირო ადამიანების, არასაჭირო სიცოცხლის მათ გაგებაზე, მართვის მათეულ, თვისებრივად ახალ და შემზარავ ფორმაზე - მართვაზე „შიგნიდან“, იდეოლოგიით, რომელიც ადამიანებს საკუთარ თავს აკონტროლებინებს. და, რა თქმა უნდა, წერდა „ბოროტების ბანალურობაზე“ - სიტყვათშეხამებაზე, რომელიც ყველაზე ინტენსიურად დაუკავშირდა ჰანა არენდტის სახელს.

ეს ფრაზა, „ბოროტების ბანალურობა“, არენდტმა თქვა ნაცისტური რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, ადოლფ აიხმანის შესახებ - რომელსაც თავის დროზე მილიონობით ებრაელის სიკვდილის ბანაკებში გაგზავნის დაგეგმვის და აღსრულების პროცესის ზედამხედველობა ეკისრებოდა. არენდტი აიხმანს აკვირდებოდა ისრაელში ადრეულ 1960-იან წლებში მიმდინარე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, სადაც მას ჰოლოკოსტში მისი როლის გამო ასამართლებდნენ. ბოროტებას ყოველთვის მეტაფიზიკური, დემონური ძალების მქონე, ან შექსპირის რიჩარდ მესამის მსგავსი ბრწყინვალე ფიგურები არ სჩადიან, პირიქით, ამას ხშირად ჩვეულებრივი, რიგითი, ზედაპირული - დიახ, ბანალური - ადამიანები აკეთებენ. უდიდესი, უპრეცედენტო მასშტაბის ბოროტება, მაგალითად, ჰოლოკოსტი, ეფუძნება მოსაწყენი ადამიანების ყოველდღიურ და რუტინულ მუშაობას - ადამიანების, რომლებიც არ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ, დაწერა ჰანა არენდტმა.

არენდტის მიერ აიხმანის „ბანალურ ბოროტებად“ გამოყვანას მაშინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ამით ის ჰოლოკოსტის შემზარაობას აკნინებდა. მაგრამ მისი მთავარი მოსაზრება - რომ მეოცე საუკუნემ წარმოშვა ახლებური, უსახო და ბიუროკრატიული ბოროტება - უმნიშვნელოვანეს გაფრთხილებად რჩება. რადგან აქედან კიდევ სხვა, გაცილებით უფრო შემაწუხებელი მოსაზრება გამომდინარეობს - თუკი ჩვეულებრივ ადამიანებს ასეთი მასშტაბის ბოროტების ჩადენა შეუძლიათ, მაშინ ეს შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა გააკეთოს, შესაბამის ვითარებაში აღმოჩენისას. თუ პოლიტიკური სისტემა ბოროტებას სამოქალაქო ნორმად აქცევს - ისე, როგორც ეს ნაცისტებმა მესამე რაიხში გააკეთეს - ეს ბოროტება სწრაფად გავრცელდება, ჩვეულებრივი ადამიანების ტრივიალური ქმედებების ხარჯზე, თუკი ისინი აირჩევენ უბრალოდ არ იფიქრონ იმაზე, რასაც სჩადიან.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმრები არიან ჰანა არენდტის ნააზრევის მკვლევრები - ლინდსი სტოუნბრიჯი, ბირმინგემის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების და ადამიანის უფლებების პროფესორი, და რობერტ იგლსტონი, ლონდონის უნივერსიტეტის თანამედროვე ლიტერატურის პროფესორი. სტუმრები გვიყვებიან არენდტის ყველაზე მნიშვნელოვანი შრომების და ბიოგრაფიის შესახებ, გვიხსნიან ტოტალიტარიზმის არსის, თუ პოლიტიკური ბოროტების მისეულ კონცეფციებს. სტუმრებთან ერთად ასევე მოგიყვებით იმ მოაზროვნეებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ჰანა არენდტის უნიკალური ნააზრევის შექმნაზე - იქნება ეს პლატონი, არისტოტელე, კანტი, ვალტერ ბენიამინი, კარლ იასპერსი, სემიუელ ბეკეტი თუ ჯორჯ ორუელი. და, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ არენდტის რთულ და უჩვეულო ურთიერთობაზე მარტინ ჰაიდეგერთან - კავშირზე, რომელსაც, როგორც ეპიზოდში მოისმენთ, ხშირად აღიქვამენ გენდერული სტერეოტიპების ჭრილში, განსაკუთრებით ამ ორი ფიგურის, დევნილი ებრაელი ქალის და ნაცისტური პარტიის ყოფილი წევრის შერიგების გამო ომის დასრულების შემდეგ. „ამ ამბავს ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თითქოს ჰაიდეგერი არენდტის ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო, რომ არენდტი იყო ქალი, რომელსაც უიღბლოდ შეუყვარდა და უყვარდა, რაც, უბრალოდ, არ არის სწორი“ - გვეუბნება ლინდსი სტოუნბრიჯი და დასძენს - „როცა 1950-იან წლებში მათ ურთიერთობა აღადგინეს, ჰაიდეგერს არენდტი გაცილებით მეტად სჭირდებოდა, ვიდრე არენდტს - ჰაიდეგერი. იქნებოდა ეს ემოციური, საზოგადოებრივი, თუ რეპუტაციული თვალსაზრისით“.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG