„ცხედარი გამოგვატანეს, მაგრამ ვერ ვნახე. რაღაც ხის ყუთი გიდევს და ვერ აღიქვამ, რაღაც ხეს ვეფერებოდი, რომ ვიცოდი, იქ იყო მამა“.
„ახლა უსამართლობის განცდა უფრო მაწუხებს, საყვარელი ადამიანების გაშვება ასე ადვილი არ ყოფილა“.
„თითქოს სამძიმარზე მოსული ხალხის თანადგომა შველისო, ამბობენ, მაგრამ მე არაფერმა მიშველა, არც ერთი თანამოზიარის ნათქვამი არ მოვიდა ჩემამდე. მახსოვს, უბრალოდ ჰაერში ვეკიდე, ხალხი მიდიოდა და მოდიოდა“, - ასე აღწერენ გლოვას ისინი, ვინც ძვირფასი ადამიანი დაკარგა.
გლოვა - მძიმე დანაკლისზე უნებლიე ემოციური და ქცევითი რეაქციაა - ამ ძალიან მოკლე განმარტების მიღმა ძალიან დიდი და სხვადასხვაგვარი განცდები დგას. გლოვა ინდივიდუალური და ხანდახან დაუსრულებელი პროცესია, რომელიც ზოგიერთს სიცოცხლის ძველებურად გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს, ზოგისთვის კი გაცილებით მალე სრულდება, ვიდრე ეს კონკრეტული კულტურისთვის არის მისაღები... მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თავისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე აღიქვამს დანაკარგის სიმძაფრეს, ფსიქიატრი ელიზაბეთ ქუბლერ-როსი, გლოვის ფენომენის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, გამოყოფს გლოვის 5 ფაზას:
- უარყოფა - არდაჯერება, ფაქტის უარყოფა. ხშირად ეს პირველი რეაქციაა ხოლმე ახლობლის გარდაცვალებაზე. ამ ეტაპზე ადამიანი შოკშია, ერიდება დანაკარგსა და საკუთარ განცდებს, ზოგადად, შეგრძნებებს და მათზე საუბარს. აქვს შიშისა და დაბნეულობის განცდა;
- ბრაზი - გაღიზიანება, შფოთვა, ფრუსტრაცია არის ის ზოგადი განცდები, რაც უარყოფას მოსდევს შემდეგ ეტაპზე;
- „ვაჭრობა“ - როდესაც ვცდილობთ, ავხსნათ და საზრისი მოვუძებნოთ დანაკარგს. ამ დროს ადამიანი ცდილობს საუბარს, ჰყვება თავის ამბავს, ცდილობს „გაურიგდეს” სამყაროს, ღმერთს, საკუთარ თავს, რათა შეიმსუბუქოს დანაკლისის ღრმა ტკივილი.
„ხშირია ბრალეულობის განცდა და „რა მოხდებოდა, თუ...“ ფიქრები. მაგალითად, ასეთი: „მეც მასთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა“... - გვიხსნის რუსუდან ბადრიაშვილი, ფსიქოლოგი, მაგისტრი სოციალურ ფსიქიატრიაში.
- დეპრესია - აქ შეიძლება, უმწეობის და უსუსურობის მტანჯველი შეგრძნებების პარალელურად, სიცარიელის და გაყინვის, გაშეშების განცდები გაჩნდეს. ხშირად ადამიანები ლოგინიდან ადგომას ვეღარ ახერხებენ. სამყარო მეტისმეტად ინტენსიური ხდება, ყველაფერს აზრი ეკარგება.
- მიღება, შეგუება - დანაკარგის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ გლოვის ამ ფაზაზე ხდება ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის ასე თუ ისე აღდგენა და მწუხარებისა და სევდის ინტენსიურობის დასტაბილიზება.
„გლოვისას კი პანაშვიდებსა და სხვა რიტუალებს აქვს დამცავი დატვირთვა - ახლობელი ადამიანების გვერდით ყოფნა, გამხნევება, მხარდაჭერა, გაზიარება გვეხმარება სიკვდილის მიღებაში. ამ დროს რიტუალების დაცვაზე ზრუნვა, მომსვლელებთან გასაუბრება ყურადღების გადატანის მიზანსაც ემსახურება და ფსიქიკას ასვენებს. სტრუქტურა, რაც ამ პროცესებს ახლავს, მნიშვნელოვანია მგლოვიარისთვის, განსაკუთრებით სწორედ პირველ დღეებში, როდესაც დანაკარგი, შესაძლოა, მწვავე იყოს და ადამიანს ძალიან უჭირდეს გაცნობიერება, რა მოხდა”, - გვიხსნის ფსიქოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი
თუმცა, ქეთოს თქმით, რომელმაც და 2 წლის წინ დაკარგა, პანაშვიდები შვებისმომგვრელი არ ყოფილა. ის დღეს ცდილობს „ჩვეულ ცხოვრებას“ დაუბრუნდეს, თუმცა მწვავედ განიცდის მომხდარს და აღიარებაც უჭირს.
„პირველად ვნახე ადამიანის სიკვდილი და ისიც ჩემი დის, ისე უცბად მოხდა ყველაფერი, ახლაც მგონია, რომ რაღაც კოშმარი ვნახე და ჩემი და სადღაც თავის დაკავებულ ცხოვრებაშია ჩაფლული და, უბრალოდ, დასარეკად არ სცალია.
ვერაფერი გავაკეთე, ვერ გადავარჩინე. უბრალოდ, ერთ დღეს გული გაუსკდა და გაქრა. თითქმის ყოველდღე ვხედავ და მიბრუნდება ის საშინელი კადრები, როგორ გახდა ცუდად. სახლიდან საავადმყოფოში როგორ აღმოვჩნდით, ეგ აღარც მახსოვს. კარგად ვერაფერს ვგრძნობდი, ყველა გრძნობა გამიშეშდა. თითქოს სამძიმარზე მოსული ხალხის თანადგომა შველისო, ამბობენ, მაგრამ მე არაფერმა მიშველა, არც ერთი თანამოზიარის ნათქვამი არ მოვიდა ჩემამდე. მახსოვს, უბრალოდ ჰაერში ვეკიდე და ხალხი მიდიოდა და მოდიოდა, არაფერს ჰქონდა აზრი. ახლაც ვიცი, რომ არასდროს იქნება ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც ჩემს დასთან ერთად იქნებოდა. 5 წლით უფროსი იყო, მაგრამ დედასავით ზრუნავდა ჩემზე. 2 წელია, რაც ჩვენთან ფიზიკურად არ არის, მაგრამ იმაზე ახლოს ვგრძნობ მის არსებობას, ვიდრე აქამდე იყო. ვიცი, თავდაცვის მექანიზმია, რომ არ ვიჯერებ, მაგრამ მის არარსებობაზე ფიქრი მანგრევს. არ ვიცი, ამას გამკლავება თუ ჰქვია, ან როგორ შეიძლება გაუმკლავდე შენი ნაწილის ფიზიკურ ჩამოშორებას?! მე, უბრალოდ, მასთან ერთად ვცხოვრობ, რჩევას ვეკითხები, ხანდახან ძალიან მინდა ჩავეხუტო“, - გვიყვება ქეთო.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქეთოსთვის მომხდარი ტრავმული დანაკარგია. როგორც ფსიქოლოგი გვიხსნის, ეს მოვლენა თითქმის ყველა ადამიანში ღრმა სასოწარკვეთილებას, უსუსურობას, შიშს და სხვა მძიმე განცდებს იწვევს. „ტრავმული დანაკარგი ხშირად ხასიათდება ღრმა და გრძელ დროში გავრცობილი გლოვით, თუმცა ამ დროს ხშირია სხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგალითად, “პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.”
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, თუ რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს გლოვა. ამ შეკითხვას სხვადასხვა პასუხი აქვს: ზოგიერთ ქვეყანაში ეს ვადა 6 თვეა. საქართველოში მიღებულია 1 წელიწადი, ხოლო ზოგან გლოვის ვადად 2 წელს ასახელებენ. მაგრამ ფსიქოანალიტიკოს ვამიკ ვოლკანის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „გლოვა სრულდება მაშინ, როცა ის სრულდება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ფსიქოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი.
მისი თქმით, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად გლოვობს და ინდივიდუალურად გადის გლოვის ფაზებს, მაგრამ, როგორც რუსუდანი ამბობს, თუ გლოვა არ ამოიწურა და ადამიანს გახანგრძლივებული გლოვის აშლილობა აქვს, მაშინ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ინდივიდუალურია, თუმცა COVID-19-ით გარდაცვლილთა ოჯახების მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთის მსგავსიც იყოს. ის, რაც სხვადასხვა ეთნოსში, კულტურასა თუ რელიგიურ მიმდინარეობაში საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა, იქნება ეს დატირება, სამძიმარზე მისვლა თუ თანაგრძნობის გამოხატვის სხვა რაიმე რიტუალი, COVID-19-მა რამდენიმე თვეში შეცვალა. მათ, ვინც პანდემიის დროს დაკარგა ახლობელი, პროტოკოლებისა და შეზღუდვების ფონზე უწევთ თავიანთი მიცვალებულების გამოგლოვება, ასეთი კი მსოფლიოში 2 მილიონზე მეტია, საქართველოში - 3 ათასზე მეტი. სტატისტიკის მიღმა კი რეალური ადამიანების ამბები და ოჯახების განცდებია, მათ შორის არის სალომეც.
კოვიდინფიცირებული მამა საავადმყოფოში თავისი ფეხით წავიდა, მას შემდეგ კი აღარ უნახავს.
„ახლა უფრო რთულია, ახლა უფრო მიჭირს, ვიდრე თავიდან. 3 თვე გადის 2 კვირაში და, აი, უკვე უჩვეულოდ დიდხანს რომ არ ჩანს, საშინლად მენატრება. ახლა მაქვს მისი გარდაცვალების გააზრების პერიოდი.
თავიდან მიჰყვები ამ დადგენილ ცერემონიებს, დასაფლავების ამბებს აგვარებ, მერე მეცხრე დღე, მერე მეორმოცე დღეს ისე ველოდით, თითქოს, აი, ვსიო, ყველა ამ პროცედურას ჩავამთავრებთ და იმ მეორმოცე დღის მერე რამე ხსნაა, ან, ვსიო, დაბრუნდება, ამ ყველაფერს რომ შეასრულებ.
თან იმდენად ყველა ადგილას მახსოვს მისი არსებობა, სუნი, ხმა, მანერები, ისეთი ხმაურიანი იყო თან და თბილი, რომ ვერ წარმომიდგენია, გარდაცვლილია და რომ მორჩა. კი ვიცინით, ვიცვამთ, ვიპრანჭებით, მეგობრებთან გავდივართ, ვერთობით, მაგრამ ეს ფიქრები არსად ქრება. დამნაშავედაც კი ვგრძნობ ხოლმე თავს.
მამას დასაფლავებიდან სახლში რომ დავბრუნდი, მეგონა, ბავშვების ჩახუტება მაინც მიშველიდა და ყველაზე ცუდი შეგრძნება იყო, რომ შვილების ჩახუტებაც აღარ იყო ისეთი სავსე, როგორც მანამდე.
კოვიდინფიცირებული მამა თავის ფეხით წავიდა, მძიმედ არ იყო და მესამე დღეს უცებ ვიგებ, რომ კომაშია, 14 დღე ამ მდგომარეობაში გაიარა - მხოლოდ პოზიტიური ფიქრებით ვიყავი, რომ მალე გამოვიდოდა და ბევრ თბილ სიტყვას ვეტყოდი. იმასაც ვხუმრობდი, მოდი, მერე გავაგიჟოთ და მოვატყუოთ, რომ რამდენიმე წელი ეძინა-მეთქი. გარდაცვალების წინა დღეს ექიმს რომ ველაპარაკეთ, უკეთესობა ჰქონდა, 2-3 დღეში მართვითი სუნთქვიდან მოხსნას აპირებდნენ და მეორე დღეს გულზე თრომბი დაემართა.
ისევ მგონია, რომ სადღაც არის, კომაში და ველოდები მის გამოღვიძებას. ცხედარი გამოგვატანეს, მაგრამ ვერ ვნახე. ძალიან ძნელია, ეს რაღაც ხის ყუთი გიდევს და ვერ აღიქვამ, რაღაც ხეს ვეფერებოდი, რომ ვიცოდი, იქ იყო მამა.
ჩემი და კადრს იხსენებს, სულ ბოლოს ლიფტთან რომ იდგა, „წავიდა და აღარ დაბრუნდა“ ჰქვია მართლა და იმიტომ სულ ელოდები, ვერც საავადმყოფოში ნახულობ და მერე ვერც სასახლეში, ძნელია მომხდარის გააზრება“.
როდის ხდება მომხდართან შეგუება? - ამაზე ფსიქოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი გვპასუხობს.
მიღების, შეგუების ფაზა - ეს არის იმ რეალობის მიღება, რომ „ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება“... თანდათან ემოციები ბალანსირდება და ადამიანი ცხოვრებას უბრუნდება. ეს არ არის მდგრადი ფაზა - ხან მძიმე დღეებია, ხან - კარგი და ხან ისევ ცუდი დღეა, მაგრამ იმედი ჩნდება და ე.წ. კარგი დღეები უფრო მეტია, ვიდრე მძიმე, ცარიელი, ტკივილიანი დღეები. ადამიანი აცნობიერებს, რომ საყვარელ ადამიანს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ ის ადაპტირდება და აგრძელებს სიცოცხლეს ახალ სინამდვილეში/რეალობაში.
ისევე, როგორც ჩვენი სხეული და ემოციები, ჩვენი გონებაც რეაგირებს დანაკარგზე და აზროვნებითი პროცესებიც შეცვლილია. გონებას დრო სჭირდება ახალი რეალობის დასამუშავებლად. ამასობაში, ინტელექტუალური ძალების დაქვეითებას, მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემებს ან გადაწყვეტილებების მიღების გართულებას უნდა შევეგუოთ, იმიტომ რომ ეს დროებითია. გვირჩევენ, რომ დავუსვათ საკუთარ თავს ორი, ასე ვთქვათ, ეგზისტენციური შეკითხვა:
1. რა მინდა მე? რისი გაკეთება მინდა ჩემს დროსთან დაკავშირებით? სად მინდა ცხოვრება? ვისთან მსურს ურთიერთობა? ვისთან მსურს ახლოს ყოფნა?
საკმაოდ რთული კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, სააზროვნო პროცესი მივმართოთ ამ კითხვებზე პასუხების ძიებისკენ.
2. მეორე შეკითხვა - რას ელიან ჩემგან? ასე შეიძლება ჩაიშალოს: ვის ვჭირდები? ვინ არის ჩემზე დამოკიდებული? რა უნარები და გამოცდილება შემიძლია მოვუტანო სხვებს? რაში ვარ კარგი, რას ვაკეთებ კარგად?
ამ კითხვებზე პასუხის ძიებასაც დრო სჭირდება და მეტი მოთმინება, მეტი ლმობიერება საკუთარი თავის მიმართ.
რეკომენდებულია მიზნების დასახვა, შესასრულებელი ამოცანების სიის შედგენა.
მსგავსი კითხვები საკუთარ თავს სალომემაც დაუსვა. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვიტა, რომ ისე გააგრძელოს ცხოვრება, როგორც მამას გაუხარდებიდა.
„ერთადერთი, რაზე ფიქრიც მაძლიერებს, არის ის, რომ სადაც არის, კარგად არის და იქედან მხედავს, ესმის. შემართებით ვარ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთო ცხოვრებაში, აი, მის სახეზე იმ სიხარულს და სიამაყეს რომ ვხედავდი”.
პანდემიამ ხელი შეუშალა სონიასაც, ბავშვობის მეგობარს ისე გამომშვიდობებოდა, როგორც თვითონ უნდოდა.
ელენე 37 წლის იყო, ორსულად, როცა გაიგო, რომ უკვე მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა. შვილის გაჩენა მოასწრო, თუმცა მშობიარობიდან 3 თვეში გარდაიცვალა. დარჩა ასაკოვანი მშობლები, მეუღლე და თინეიჯერი გოგო, რომელიც ახლა დედის მაგივრობას უწევს პატარა ძმას.
ახლა უსამართლობის განცდა უფრო აწუხებს, ვიდრე სხვა რამ. სიკვდილი ყველას გველის, მაგრამ ასე წასვლა, როცა მართლა აქ უფრო საჭირო ხარ, დიდი უსამართლობააო, - ამბობს.
„ბოლო წლები, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, მაგრამ 22 დეკემბერი და 15 ივლისი ის დღეები იყო, როცა აუცილებლად მოვიკითხავდით ერთმანეთს, მივულოცავდით დაბადების დღეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდით იმაში, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთმანეთისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ახლო და ძვირფასები ვართ. წელს 15 ივლისს არ დაურეკია ჩემთვის, მე კი რატომღაც მაინც ველოდი მის ზარს. საყვარელი ადამიანების გაშვება ასე ადვილი არ ყოფილა.
შარშან რომ მივულოვე, მოდიო, ისეთი გემრიელი ტორტი მაქვსო! მე თვე-ნახევრის სანდრო მყავდა და, აბა, სად მეტორტებოდა? იმის თქმას, როგორ ვნანობ, არაფრის თქმა ჯობია.
დღეს ელენე 38 წლის გახდებოდა“, - წერს ფეისბუკზე სონია, რომელმაც ბავშვობის მეგობარი დაკარგა.
ახლა ელენე სონიას ყოველდღე ფიქრებსა და სიზმრებში ხვდება, ყველა მოგონება ერთად ახსენებს ხოლმე თავს.
„ცხოვრების რუტინა, ბავშვები არ გაძლევენ მოდუნების უფლებას. ფონად მყავს სულ, ქვეცნობიერში. მესიზმრება ხშირად. რაღაც დეტალები მახსენდება, მაგალითად, რაღაც საჭმელზე, რომელიც უყვარდა, ან არ უყვარდა. ეგეთი ყოფითი დეტალებია ბევრი. მით უმეტეს, ბავშვობიდან მოყოლებული. კორონა რომ არა, უფრო ხშირად მივიდოდი - ყველა ამას ამბობდა სამეგობროში, ვირუსის მიტანის გვეშინოდაო.
ფსიქოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი ლაპარაკობს თვითდახმარებასა და გარშემომყოფთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. იმისათვის, რომ გლოვის პროცესი გაზიარებული და შემსუბუქებული იყოს, ის რეკომენდაციას გვაძლევს, ვესაუბროთ ისეთ ადამიანს, ვინც თანამოზიარეა და ვინც განიცადა მსგავსი დანაკარგი.
„გლოვას ახასიათებს მარტოობის მძაფრი შეგრძნება, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ მარტო არ ვართ. ალბათ, ბევრი სხვა ადამიანია, ვისაც ასევე შეეხო ჩვენი დანაკარგი. შესაძლოა, იყოს ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანი ან ადამიანები, რომლებსაც ასევე უჭირთ და სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, გვერდში დგომა”.
დანაკარგი და ტრავმა ცხოვრების ნაწილია და გლოვა ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, რომელსაც თავისი ფაზები ახასიათებს. გლოვის და მწუხარების ნიშნები ვლინდება სხეულშიც, ემოციებშიც, სააზროვნო სფეროშიც და გარემოსთან ურთიერთობებშიც.
მას თავისი დრო აქვს და, შესაძლოა, მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდით დამთავრდეს.
„ამ პროცესში საკუთარი თავის დახმარება შეიძლება რთულად, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს მხარდამჭერი ადამიანი/ადამიანები. ასევე, მნიშვნელოვანია, მივმართოთ სპეციალისტს, როდესაც გვიჭირს მწუხარების ატანა”, - ამბობს ფსიქოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი.