Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება


მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი

მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისათვის პირბადეების ტარება სკოლაში აუცილებელი იქნება, ამის შესახებ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს ამასთან დაკავშირებით დღესვე დაურიგდებათ. ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ პირბადეებით მოსწავლეებს სკოლები არ უზრუნველყოფენ და მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვებმა პირბადეები იქონიონ.

მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინსტრუქციების შესაბამისად სკოლები ხვალიდან მშობლებთან კომუნიკაციას შეუდგებიან იმისთვის, რათა საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ სკოლა კვლავ დარჩეს პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ უსაფრთხო გარემოდ. მინისტრისვე თქმით, ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა და სწავლის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია:

„ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რომ სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სწავლა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, სწავლა ამ ქალაქებში ამ დრომდე ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG