- დაკეტილია, ხო? მგონი აქედან ვერ შევალთ - შუბლს ვადებთ მე და ფოტოგრაფი შუშის კარს და შიგნით შეხედვას ვცდილობთ. ბნელა. რამდენიმე მაგიდას და უსწორ-მასწოროდ მიწყობილ სკამებს ვხედავთ. ვაკაკუნებთ. ჩამი-ჩუმი არ ისმის.
თინა უკანა კარიდან გამოდის.
- აქედან შევიდეთ. ეგ კარი კაი ხანია არ გაგვიღია, - გვეძახის თინა. უკანა შესასვლელისკენ კიბეებით ავდივართ.
დარბაზში, უფრო ზუსტად კი იმ სივრცეში, სადაც რესტორანში მისული სტუმრები ისხდნენ ხოლმე, ბნელა და ცივა. ვიტრაჟებიდან შემოსული ზამთრის მზე, დარბაზს ვერც ანათებს და ვერც ათბობს. ბართან ჩამომწკრივებულ ბოთლებს და ჭიქებს მტვერი ადევს. ხის იატაკზე ქვები და შუშის ნამსხვრევები ყრია.
- ეს რა არის? - ვეკითხები თინას.
- რამდენიმე დღის წინ, ვიღაცამ ვიტრაჟები ჩაგვიმსხვრია. ქვები ესროლა. პოლიციაც იყო მოსული.
ვერანდაზე გავდივართ. დაახლოებით 20 კვადრატულამდე სივრცეში, სამი მაგიდა და მაგიდებზე შემოწყობილი სკამები დგას. ეს რესტორანი „ხამანწკაა“. თინა ვაშაკიძე რესტორნის ერთ-ერთი პატრონია. თუკი თინა მოახერხებს და 15 თებერვლიდან რესტორნის ღია სივრცეს გახსნის, აი, ამ სამ მაგიდაზე მოუწევს სტუმრების მიღება.
მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 15 თებერვლიდან, რესტორნებს შეუძლიათ სტუმრები ღია სივრცეში მიიღონ, თინას სასაცილოდ არ ჰყოფნის:
„ეს არის დაცინვა და მავნე გადაწყვეტილება. გაიხსენითო, გვეუბნებიან. როგორ გავიხსნა, ამ სამი მაგიდით გავიხსნა? სამუშაო დღეებში ვიმუშაო 10-დან 8 საათამდე, ლანჩზე სამი კაცი მივიღო, შაბათ-კვირას ისევ დავიკეტო, ასე გავიხსნა? ამით ამოვიღო ჩემი ხარჯები? კომუნალურები ასე გადავიხადო? როგორც კი მთავარ კარს გავხსნი, მრიცხველი მაშინვე ჩაირთვება. თანამშრომლები უნდა დავაბრუნო, მენიუ გადავახალისო. რაც ახლა გადავთვალეთ, დაახლოებით 10 ათასი ლარი მაინც მჭირდება იმისათვის, რომ 15 თებერვალს გავიხსნა აი, ამ სამი მაგიდით. ამ 10 ათას ლარს კი ამ სამუშაო პირობებით, სამი-ოთხი თვე ვერ ამოვიღებ. ვერ გავხსნი. ესაა რეალობა“.
რესტორანი, უფრო ზუსტად კი ხამანწკების და ზღვის პროდუქტების ბარი, თინამ და მისმა პარტნიორმა, გასული წლის სექტემბერში გახსნეს. დაასაქმეს 10-მდე ადამიანი. რესტორანი თავიდანვე მკაცრი რეგულაციებით, მაგიდებს შორის დისტანციით, განსაზღვრული რაოდენობის სტუმრების მიღებითა და სხვა კოვიდ-რეკომენდაციების დაცვით გაიხსნა.
28 ნოემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რესტორნები დაიხურა, თინამ თანამშრომლები დაითხოვა, მათი ხელფასები ვეღარ გადაიხადა. დღეს „ხამანწკა“ გატანის სერვისზე მუშაობს. ჰყავს მხოლოდ ორი თანამშრომელი, მათ შორის, ლიკაც, რომელიც ახლა მარტო მუშაობს სამზარეულოში და ჰამბურგერს ამზადებს. ლიკა თინასთან ცხოვრობს. ე.წ. კომენდანტის საათის გამო, ორივე მზარეული თინამ საკუთარ ბინაში გადაიყვანა საცხოვრებლად:
„საშვი მხოლოდ ჩემს სახელზეა დაშვებული. ისიც დიდი ომის შემდეგ. ასეთი სქემა შევიმუშავეთ, ყველანი ვცხოვრობთ ერთად, ჩემს ბინაში, რომ ერთად გამოვიდეთ დილით სახლიდან და ერთად დავბრუნდეთ და ამით დავზოგოთ დროც, ბენზინის ხარჯებიც“.
რაც შეეხება გატანის სერვისის აწყობას და ამ სერვისით მიღებულ შემოსავალს, თინას თქმით, დღეის მდგომარეობით, საქმე იქამდეა მისული, რომ მას და მის პარტნიორს რესტორნისთვის საარსებო თანხა „სახლიდან მოაქვთ“.
„პირველ რიგში, მოგვიწია მენიუს შეცვლა. მენიუდან ამოვიღეთ ხამანწკები, რადგან ის გატანის სერვისს ვერ ექვემდებარება. დავწიეთ ფასებიც, რომ შეკვეთები გვქონოდა. იმის გამო, რომ დიდი დელივერი კომპანიები ძალიან მაღალ პროცენტს, ბრუნვის 30%-ს ითხოვდნენ, იძულებულები გავხდით, რომ მათთან თანამშრომლობა გაგვეწყვიტა და დავუკავშირდით ნაკლებად ცნობილ კომპანიას. ახლა უკვე ჩვენ, ბარის დამფუძნებლები ვართ ყველაფერი, მძღოლებიც, მომმარაგებლებიც, მზარეულებიც, დამლაგებლებიც. ის, რა შემოსავალიც დღეს ჩვენ გვაქვს, შემოსავალი არ არის. ყოველდღიურად სახლიდან მოგვაქვს ფული, რომ ვიარსებოთ. მთავრობა აცხადებს, რომ დიალოგი გვაქვს რესტორატორებთანო. კი, პერიოდულად მართლაც გვხვდებიან, მაგრამ რეალურად, ეს დიალოგები არაფერს ცვლის და დიალოგი რჩება დიალოგად. შევთავაზეთ, რომ ჩვენ შევქმნიდით განვითარების გეგმას, უსაფრთხოდ გახსნის გეგმას. 28 ნოემბრიდან მოყოლებული ვითხოვთ, რომ ის მაინც გვითხრან, როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში, რომ გახსნის საშუალება მოგვცენ. ეს პასუხიც კი არ გვაღირსეს. მე ხომ იჯარას ვიხდი. მე ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი უნდა ავიღო კრედიტი? რა პირობებზე უნდა მოველაპარაკო ბანკს?“
ჩვენი ღია სივრცე, სხვას ვერ უშველის
რესტორნების ღია სივრცეების გახსნით, რომ რესტორატორებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანების პრობლემები ვერ გადაიჭრება, ამას კარგად ხედავს სამწვადე Honore-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ალექსანდე ბაგრატიონ-დავითაშვილი. Honore გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გაიხსნა, თუმცა, რამდენიმე კვირაში, ახალგახსნილი სივრცე, ისევე, როგორც სხვა რესტორნები, კოვიდ-შეზღუდვებს დაექვემდებარა და დაიხურა. გატანის სერვისზე გადასვლის შემდეგ, honore-საც მოუწია მენიუს შეცვლა, სისტემის გასამართად, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდათ. დაითხოვეს თანამშრომლების ნახევარი. დღეს ახერხებენ 10 თანამშრომლის ხელფასის ანაზღაურებას.
Honore-ს „გაუმართლა“ და გარდა დახურული სივრცისა, სტუმრების მიღება ღია სივრცეშიც შეუძლია. ალექსანდრეს თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნას, პირადად მისი რესტორნისთვის, შესაძლოა, მცირედ წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ სარესტორნო ბიზნესის პრობლემა მხოლოდ კონკრეტული რესტორნების ხარჯზე ვერ მოგვარდება:
„ამ ბიზნესში მარტო ჩვენ არ ვართ. დღეს ქვეყანაში უამრავი ბარი და რესტორანია, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღია სივრცე, გარდა ამისა, ზამთარია, ღია სივრცეში დასაჯდომად არასათანადო კლიმატური პირობები. იმ პირობით გახსნა, რაც მთავრობამ შემოგვთავაზა, იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მოგვიწევს სერიოზული ფინანსების მობილიზება, რომ რესტორანი ავამუშავოთ, მაგრამ მეორე მხრივ, შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გვექნება. მოგებაზე ხომ საერთოდ აღარავინ ფიქრობს. პირადად ჩვენ, სულ ცოტა 10 ათასი ლარი მაინც გვჭირდება, რომ რესტორანი სათანადოდ გავხსნათ. კვლავ ავიყვანოთ მიმტანები, მოვაწესრიგოთ ტერიტორია. განსაკუთრებული დისკრიმინაციის შეგრძნება გიჩნდება, როცა ხედავ, რომ თბილისში ჩაკეტილები ვართ, მაგალითად, კახეთში კი ყველა სასტუმროს რესტორანი მუშაობს. კი, ხვდები, რომ კარგია, რომ ის მაინც მუშაობს, მაგრამ ამასთანავე, საშინელი უსამართლობის გრძნობა გიჩნდება, თუკი იქ ხერხდება რეგულაციების დაცვა და ვირუსი არ ვრცელდება, მე რატომ ვერ მოვახერხებ იმავეს? ნოემბერში, როდესაც ვმუშაობდით, არცერთი შემთხვევა არ გვქონია დაინფიცირების. მაქსიმალურად ვიცავდით ყველა წესს, იქნებოდა ეს დისტანცია, სივრცის სპეციალური ხსნარებით დამუშავება თუ სხვა. არაფერს ვითხოვ, ოღონდ მომცენ გახსნის უფლება და როგორმე მივხედავ საკუთარ თავს, მაგრამ თუ არ მაძლევენ გახსნის უფლებას, მაშინ შესაბამისი კომპენსაციაც უნდა გასცენ, რომელსაც შემდგომში მე ან თანამშრომლების ხელფასზე გადავანაწილებ, ან კომუნალურ გადასახადებზე და ა.შ.“
პროტესტი არ გაუქმებულა, პროტესტი გადავადდა
ალექსანდრეც, თინაც, მათთან ერთად რამდენიმე ასეული რესტორნის მფლობელიც, 6 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, რესტორნების გახსნას გეგმავდნენ. თუმცა, 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროტესტი დროებით გადავადდა. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პროტესტის გადავადების გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკავშირდება მთავრობის გადაწყვეტილებას რესტორნების ღია სივრცეების გახსნისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შესახებ, თუმცა, თუკი 15 თებერვლამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რესტორატორების პროტესტი, რაც რესტორნების თვითნებურად გახსნაში გამოიხატება, კვლავ შედგება.
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის იმ მთავარ მოთხოვნებს, რომლებსაც რესტორატორები თვეებია უყენებენ ხელისუფლებას, თუმცა, შედეგი არ ჩანს. ლევან ქოქიაშვილმა და მისმა კოლეგებმა, ეს მოთხოვნები 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გააცნეს ხელისუფლების წარმომადგენლებს:
„ჩვენ მთავრობას ჯერ კიდევ 4 დეკემბერს შევთავაზეთ სარესტორნო ბიზნესის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მაგრამ ეს გეგმა მთავრობამ სრულად უგულებელყო. ხელისუფლების გადაწყვეტილება რესტორნების ღია სივრცეების გახსნის შესახებ, მორიგი მანევრია და მეტი არაფერი. ჩვენი მთავარი კითხვები პასუხგაუცემელია. 4 თებერვლის შეხვედრაზე, მთავრობის წარმომადგენლებისათვის დასმულ ვერცერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი. მაგალითად, რა პროცენტი უნდა იყოს ვირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომ მოგვცენ უფლება სრულად გავხსნათ რესტორნები? როგორი უნდა იყოს ვირუსის გადადების მაჩვენებელი, რომ მოგვცენ გახსნის უფლება? ამ კითხვებზე პასუხი არ არის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში, ზუსტად გაიწეროს გეგმა და თუკი მის შესაქმნელად, მთავრობაში არ არსებობს კომპეტენტური პირი, ჩვენ მზად ვართ, მათთან მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს შაბათ-კვირას რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობის შეზღუდვა. გადაიწიოს კომენდანტის საათმა ღამის 12 საათამდე, ნაცვლად 21 საათისა და გაიხსნას რესტორნების შიდა სივრცეები. ჩვენ ჩვენი პროტესტით შევძელით ის, რომ იხსნება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლები, მაგრამ ჩვენ სფეროში არაფერი შეცვლილა“.
ხომ არ უკავშირდება პროტესტის გადავადება ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრისგან წამოსულ ერთგვარ მუქარას, რომლის თანახმადაც, დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, „ორგანიზაციები, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა (10 ათასლარიანი ჯარიმა), ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას“. ეს განცხადება, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რესტორატოთა პროტესტის გადავადება არანაირ კავშირში არ არის „პრემიერის მუქარასთან“:
„პრემიერ-მინისტრს მინდა ვუთხრა, რომ არ შეიძლება გაჭირვებულ ხალხს დაემუქრო. ეს ხალხი იმიტომ არ ებმება პროტესტში და იმიტომ არ აცხადებს დაუმორჩილებლობას, რომ გვიხარია. სწორედ ამ მუქარის გამო, ჩვენ აუცილებლად გავიხსნებით. თუკი ამ ორ კვირაში, ხელისუფლება არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, გარწმუნებთ, რომ რასაც ვაპირებდით შაბათს, 6 თებერვალს, ის განმეორდება ორი კვირის თავზე. ეს მუქარა პირიქით, ჩვენთვის მოტივაცია იყო. გაჭირვებულ ადამიანს რომ ემუქრები, ეს ხომ ყველა ზღვარს სცილდება. ჩვენ ამ სუბსიდიების შეჩერებით ვერ შეგვაშინებენ. სესხების სუბსიდირებაზე თანხმობა ხელისუფლებისაგან მხოლოდ 400-მდე რესტორანმა მიიღო. ამ პროტესტში კი 1000-მდე რესტორანია გაერთიანებული“.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ სარესტორნო ბიზნესის სესხების სუბსიდირება დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, სესხის პროცენტი „პრაქტიკულად სრულად“ უნდა დაფარულიყო. ამ მიზნით, გამოიყო დაახლოებით 30 მილიონი ლარი და დაიწყო შესაბამისი განაცხადების მიღებაც. თუმცა, 2000-მდე კვების ობიექტის განაცხადიდან, მხოლოდ 420 განაცხადი დაკმაყოფილდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 4 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემსუბუქდეს ტექნიკური მოთხოვნები, რათა ყველა იმ დაწესებულებამ, რომელმაც განაცხადი შეავსო, მოახერხოს „სახელმწიფოს მხარდამჭერი ღონისძიებით“ სარგებლობა.
ეკატერინე ჯალაღონია, რესტორატორი, რესტორან „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი, ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოსგან სესხის სუბსიდირება მიიღო, თუმცა, ეს სიტუაცია მისთვის არ ანელებს პროტესტის მუხტს და თვლის, რომ ის მუქარა, რომელიც დღეს ხელისუფლების მხრიდან რესტორატორების მისამართით ისმის, ყველანაირ ჩარჩოს არღვევს.
„საშინელი მოსასმენი იყო პრემიერ მუქარა. ეს არის ყველაზე საზარელი რამ, რაც კი შეიძლება მთავრობის პირველმა პირმა თქვას. ვერ ვხვდები, რატომ გვემუქრებიან. ვერ ვხვდები, მათი შემოსავლებიდან ვითხოვთ დახმარებას? გაჭირვებულ ადამიანს აქეთ წიხლს გვაჭერენ? რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა შედგეს. ხვალ იქნება თუ ორი კვირის შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ქვეყანა რამდენიმე ადამიანის არ არის. ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ამ პროტესტში მონაწილეობა. მე სახლში დავჯდე და ვუყურო, როგორ გახსნის სხვა ადამიანი პროტესტის ნიშნად ობიექტს და ჩემს საქმეს გააკეთებს? არა, მე ამას არ ვიზამ“.
სარესტორნო ქსელი „მეგრული სახლი“ ექვსი წელია ბაზარზე ოპერირებს. ეკატერინე ჯალაღონია, სანაპიროზე მდებარე რესტორნის კარს გვიღებს. ქსელიდან გათიშულ შუქს რთავს. რესტორანს ე.წ. პირველი ჩაკეტვისა და შემდეგ, ზაფხულში გახსნის კვალი ეტყობა. იატაკზე სტიკერებია დაკრული: „სკამი“, „მაგიდა“, „დაიცავი დისტანცია“.
გაზაფხულზე, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ლოკდაუნის“ შესახებ, მისთვის და მისი კოლეგებისთვის, გასაგები და მისაღები პროცესი იყო, თუმცა, ეკატერინეს თქმით, ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდი ამ სექტორში დაგროვილი პრობლემების გამკლავებისთვის ვერ გამოიყენა:
„გაზაფხულზე არავინ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე, როგორ შეიძლებოდა ამ ვირუსთან ბრძოლა. ყველანი შევთანხმდით, რომ ვყოფილიყავით მშვიდად, დავლოდებოდით შესაბამის რეკომენდაციებს. ვიყავით იმის იმედად, რომ სანამ დაკეტილები ვიქნებოდით, ხელისუფლება მაქსიმუმს იღონებდა იმისათვის, რომ გვესწავლა სიტუაციის მართვა, მაგრამ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. როდესაც მოთმინების ფიალა აივსო, სუბსიდირება გამოგვიყვეს სესხებზე, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს სავალალო მდგომარეობას. ახლა გვითხრეს, აი, ღია სივრცეების გახსნის უფლებას გაძლევთო. აგერ, ხედავთ, მე ღია სივრცე არ მაქვს. მე და ჩემისთანა რესტორატორებმა, რა გავაკეთოთ? 30-მდე თანამშრომელი გვყავდა და მხოლოდ 8-ის დატოვება შევძელით. ვმუშაობთ გატანის სერვისზე, რომელსაც ჩვენი შემოსავლის 30% მიაქვს. ამას გარდა, პროდუქტია შესაძენი, ხელფასი გასაცემი, გაძვირებული კომუნალური გადასახადები. ამ სიტუაციას ისიც ემატება, რომ 9 საათზე თანამშრომელი სახლში უნდა იყოს, შესაბამისად, რვის ნახევარზე ის უკვე გასული უნდა იყოს სამსახურიდან. დღეს ჩვენ ყელში გვაქვს წაჭერილი და როდის გავიგუდებით, არ ვიცით“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ეკატერინე ყურადღებას ამახვილებს, ეს ის თანხაა, რომელიც მას რესტორნის ხელახლა ასამუშავებლად დასჭირდება და რომელიც რამდენიმე ათას ლარს სცილდება. ეს თანხა ეკამ ბანკში უნდა მოიძიოს, მაგრამ აქ ის მეორე პრობლემის წინაშე დგება:
„მთავრობის დამსახურებით, სარესტორნო სექტორი ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ყველაზე სახიფათო სექტორი. თუ რამე ხდება, პირველ რიგში, ალბათ სარესტორნო სექტორს შეგიძლია წამოარტყა თავში. ეს კი ძალიან შეგვიშლის ხელს ბანკებთან თანამშრომლობაში. ბანკში რომ მივიდე და ვუთხრა, იცით, რესტორანი ხელახლა უნდა ავამუშავო, გავხსნა და სესხის დამატება მინდა, ბანკი მეტყვის, რომ თქვენ უმაღლესი რისკის სექტორში ხართ და ვერ გავწევთ ასეთ რისკს. და ვერც გაამტყუნებ“.
კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა, საქართველოში, სარესტორნო ბიზნესი თითქმის სრულად გაჩერებულია. დაშვებულია მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან, გარდა გატანის სერვისისა, რესტორნებს ეძლევათ საშუალება სტუმრები მიიღონ რესტორნების ღია სივრცეებში, შაბათ-კვირას კი ისევ მხოლოდ გატანის სერვისით იმუშაონ. რესტორნების მნიშვნელოვან ნაწილს, ღია სივრცეები არ აქვთ.
თბილისის მერიამ 4 თებერვალს განცხადება გაავრცელა და კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობა შესთავაზა. განცხადების თანახმად, საკუთრების წინ არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე ნებადართული იქნება მხოლოდ სკამებისა და მაგიდების განთავსება, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შეღავათი არ ითვალისწინებს კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს. დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
რესტორატორთა ასოციაციის მონაცემებით, სარესტორნო სექტორში არსებულ 10 ათასამდე კვების ობიექტში, ჯამში 250 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ოპერირებას მხოლოდ 700-მდე კვების ობიექტი ახერხებს. ასოციაციის მონაცემებით, დასაქმებულთა მაქსიმალური უმრავლესობა სამსახურის გარეშეა დარჩენილი - 200-ლარიან დახმარებაზე განაცხადი შევსებული აქვს სექტორში დასაქმებულ 123 ათას პირს. ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე კი 105 ათასს.