Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვუდროფის საქმე" ისევ ცოცხლდება: ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზეა


ელდარ გოგოლაძე - “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ასევე სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმედ დაიბარა 1993 წელს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე.

გოგოლაძე პროკურატურაში დღის 12.00 საათზე მივიდა და ამ დრომდე მისი გამოკითხვა არ დასრულებულა.

ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „მთავართან“ინტერვიუში გოგოლაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი ან მისი დაშინებისა და დისკრედიტაციის მიზნით არის წამოწყებული ან უფრო მკაცრი - მისი დაპატიმრების გეგმა არსებობს.

„ბიძინას ჩემზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს, ეს მისი სტილია. არ გამოვიცხავ, რომ ორი ძირითადი მოწმიდან (სულ სამნი ვიყავით მკვლელობის ადგილზე მანქანაში) რომელიმე მოისყიდოს. ესეც მისი სტილია - მიეცით მილიონი, ორი მიეცით, ხუთი მიეცით და შეაცვლევინეთ ჩვენება. დააწერინეთ, რომ აიძულეს, ზემოქმედება მოახდინეს. თუ ეს მოხდა, აუცილებლად გამიშვებენ ციხეში“, - უთხრა გოგოლაძემ „მთავარს“.

ვუდროფის მკვლელობის გახმაურებული საქმის გაცოცხლებას და ამ პროცესში მის ხელახლა ჩართვას ელდარ გოგოლაძე ბიძინა ივანიშვილთან ღიად დაპირისპირებით ხსნის, რადგან მისივე სიტყვებით, ამ მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ წლების წინ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა. მაშინ ამ საქმეს პარალელურად აშშ-ს ფედერალური ბიუროც იძიებდა.

ივანიშვილთან ღიად დაპირისპირებაში კი იგულისხმება 2020 წლის 25 ოქტომბერს, რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე, “მთავარის“ ეთერში გასული ინტერვიუ, რომელშიც გოგოლაძე არხის ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან საუბარში ყვება ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მისი მოსვლის გზებსა და გამდიდრების ამბებზე. იმაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს პუტინის ადმინისტრაციასთან, პუტინის ყოფილ თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან, თუ როგორ გადაწყდა 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პროექტის ბედი და ა.შ.

ამ ინტერვიუს მაშინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზულ კომენტარს ის ამ საკითხზე ვერ გააკეთებდა, რადგან „ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ს მაღალჩინოსანი“.

"ქართული ოცნების" კონსულტანტმა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო „გოგოლაძეს - გუანტანამოს, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდა“.

ამ ინტერვიუს ეთერში გასვლიდან მალე ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებაში დღეს აცხადებენ, რომ ვუდროფის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, რომ ამ საქმეზე ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანი გამოიკითხა და ელდარ გოგოლაძეც საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.

გოგოლაძის ინტერესებს იცავს „მთავარი არხის“ იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც 5 თებერვალს მედიას უთხრა:

„ის ფაქტი რომ გამოძიებას ელდარ გოგოლაძის მიმართ კითხვები არ გასჩენია ბოლო რვა წლის განმავლობაში, მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და დაიბარეს მხოლოდ მას მერე, რაც „მთავარს“ კრიტიკული ინტერვიუ მისცა, გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ პროკურატურიაში მისი დაბარება სწორედ „მთავარ არხში“ სტუმრობას უკავშირდება. მეც, როგორც ამ არხის იუტისტი, ამიტომ ვარ აქ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი საძაგლიშვილი ელდარ გოგოლაძის მოწმის სახით გამოკითხვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

27 წლის წინ მომხდარი მკვლელობა - ისევ პასუხგაუცემელი კითხვებით

მკვლელობა, რომელზეც ახლა ელდარ გოგოლაძე ჩვენებას იძლევა, 1993 წლის 8 აგვისტოს მოხდა - მცხეთასთან ახლოს. მაშინ, თავში ესროლეს და მოკლეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს, წარმომადგენელი, ფრედ რასელ ვუდროფი.

ავტომანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის, ედუარდ შევარდნაძის, დაცვის უფროსი ელდარ გოგოლაძე და ორი ქალი, რომელთაგან ერთი, მოგვიანებით, რუსეთის სამხედრო ჯაშუში აღმოჩნდა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ვუდროფი იმსხვერპლა ბრმა ტყვიამ, რომელიც მის მანქანას სამხედროფორმიანმა პირმა ესროლა.

ვუდროფის მკვლელობის შემდეგ გვამის ამოსაცნობად საქართველოში ჩავიდა CIA-ს მაშინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ვულსი. სასამართლო 1994 წელს გაიმართა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ახალგაზრდა კაცი, ანზორ შარმაიძე, რომელსაც თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მკვლელობის ეს ვერსია, არ დაიჯერა ტეხასელმა ადვოკატმა და ვუდროფების ოჯახის მეგობარმა, მაიკლ პულარამ და სიმართლის დადგენა დაისახა მიზნად. შარმაიძის სასამართლოს საქმეების გაცნობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროდან თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დოკუმენტების გამოთხოვის შემდეგ პულარა დარწმუნდა, რომ შარმაიძე უდანაშაულო იყო, ხოლო ვუდროფის მკვლელობის უკან, სინამდვილეში, რუსეთი იდგა.

მაიკლ პულარა რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში, მათ შორის 2005 წლის ნოემბერში, და მაშინდელ ხელისუფლებას ჩაუტანა მოკლულის ოჯახის წერილი, რომელიც შარმაიძის გათავისუფლების თხოვნას შეიცავდა. ვუდრაფის ოჯახი ამბობდა, უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა გარდაცვლილის სულს ამძიმებსო.

მოგვიანებით პულარამ ამ ამბავზე წიგნიც დაწერა სათაურით „ჯაშუში, რომელიც მიატოვეს“, რომელშიც ის წერდა, რომ ვუდროფის მკვლელობა უკავშირდება CIA-ს ვეტერან აგენტს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც ვუდრაფის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში ცნეს დამნაშავედ.

პულარამ, ახალი წიგნის გაყიდვის მეწილედ ანზორ შარმაიძე დაასახელა - „მსურდა მას დამსახურებული ანაზღაურება მიეღო საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვისო“.

შარმაიძემ 14-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 2008 წელს დატოვა. თუმცა, გათავისუფლების შემდეგ შარმაიძემ რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას საქმის ხელახლა გადახედვის და მისი უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით.

„იმედისთვის“ 2020 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში შარმაიძე ამბობს, რომ მას ვუდროფი არ მოუკლავს.

ელდარ გოგოლაძის გამოკითხვა პროკურატურაში ამ წუთებშიც გრძელდება. მან ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლის წინ განუცხადა, რომ კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG