"ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაიწყო. ამ საკითხზე უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ისაუბრა.
"გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ", - განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების ჩართულობით იმუშავებს:
"არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით".
საპარლამენტო უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობდა. უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ თუ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 2020 წლის არჩევნების მონაცემები 1 პროცენტით მაინც იქნებოდა გადახრილი, პარტია ხელახალი არჩევნებისთვის მზად იყო.