გიორგი მშვენიერაძე, "კარტოგრაფბის საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მაღაზიაში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მელაშვილს მოქალაქე დღეს, საღამოს 17:30 საათისთვის დაუპირისპირდა.
"განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ", - აცხადებს მშვენიერაძე.
შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა. ვიდეოს ავტორი, სოფო სამუშია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ.
"მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა... მე ვფიქრობ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა ამოჭრილი ლაპარაკი აჩვენეს, იმის შედეგი შეიძლება იყოს. რაიმე ისეთი არ მომხდარა, რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", - აღნიშნა მელაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.