Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი შეიცვალა


საქართველოს მიერ რეგულარული ავიამომოსვლის განახლებასთან ერთად, დღეიდან 1 თებერვლიდან, საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეიცვალა საჰაერო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, სამშობლოში დაბრუნდნენ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, ჩამოსვლიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი გაიკეთონ და ასეთ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე.

საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის, ანუ ორჯერ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს.

რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება.

საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი.

საზღვრის კვეთის რეჟიმის შეცვლა არ ეხება სახმელეთო საზღვრებს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი.

XS
SM
MD
LG