ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოს Covid-19-ის ვაქცინის 29 250 ერთეული თებერვლის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე შემოვა. მისი თქმით, ეს იქნება Pfizer-ის წარმოებული.
"ეს განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის ფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო გახლავთ პირველი პრიორიტეტი. შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი უკვე ცნობილი ვაქცინების მობილიზება მოხდება, "ფაიზერის" ვაქცინას დაემატება "ასტრაზენეკაც", - თქვა მინისტრის მოადგილემ.
"ფაიზერით" სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ კლინიკებში იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერის, გიორგი გახარიას ფეისბუკპოსტი. ის საქართველოს მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსს მადლობას უხდიდა.
"ფაიზერით" ვაქცინის შესანახად აუცილებელია -80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი.