3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და 29 იანვარს მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მათი შესვლის შემდეგ, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში 96 დეპუტატი იქნება. 54 ოპოზიციონერი დეპუტატი კვლავ ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს.
რადიო თავისუფლება „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ესაუბრა. ის პასუხობს კითხვებს მემორანდუმის დეტალებზე, კმაყოფილების მიზეზებზე, კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლებაზე, ქოთნის ყვავილებზე და იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში.
რადიო თავისუფლება: თქვენი სიტყვა რომ გამოვიყენოთ, მიიღეთ თუ არა „ქართული ოცნებისგან“ გაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა, უფრო სწორად - დაპირება, რის სანაცვლოდაც აპირებდით პარლამენტში შესვლას?
ალეკო ელისაშვილი: ეს ჯერ მხოლოდ მემორანდუმია, რაც დღეს გავაფორმეთ. პირობები კი, ისეთია, რომ მივიღოთ მართლა პატიოსანი და სანდო არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერია გათვალისწინებული, რაც [მოლაპარაკებების] რაუნდების განმავლობაში ოპოზიციამ თქვა და მათ შორის - ჩვენს გუნდში ადრე რა აზრიც იყო - რომ ჩაგვედო მექანიზმები [გაყალბების] პრევენციისთვის და არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებისთვის.
რადიო თავისუფლება: ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით ჯერ ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, აცხადებენ, რომ თქვენ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტი გაუარესებულია მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარმოდგენილ ვარიანტთან შედარებით. თქვენც ატყობთ ამას?
ალეკო ელისაშვილი: არა, არ ვეთანხმები, რომ ეს ასეა...
რადიო თავისუფლება: ისინი კონკრეტულად ასახელებენ, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურაში საქართველოს პრეზიდენტის როლის ზრდასა და არასამთავრობო სექტორის უკანა პლანზე გადაწევას...
ალეკო ელისაშვილი: არა, არ ვიზიარებ ამ შეფასებას. ჯერ ერთი, კარგად წაიკითხონ, რაც მეოთხე რაუნდზე იყო, სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი ამ ვარიანტში. მეორეც, ვერ მივიღებ ამ საყვედურს იმიტომ, რომ უნდათ, ჩვენს მხრებზე გადაიაროს ყველაფერმა და ყველაფრისთვის ჩვენ ვიბრძოლოთ. ვინმემ დახურა ეს მოლაპარაკების კარი? მოსულიყვნენ და დამსხდარიყვნენ.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ზუსტად ის დოკუმენტია, რაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე განიხილეთ?
ალეკო ელისაშვილი: არა, ზუსტად ის არ არის. მე და ლევანი [იოსელიანი] იმის შემდეგ ორჯერ შევხვდით [ხელისუფლების წარმომადგენლებს], შევედით და ვჭიდაობდით სხვადასხვა მუხლზე - ზოგი ასე გადაკეთდა, ზოგი ისე გადაკეთდა.
რაც მთავარია, ეს მემორანდუმი არის ღია დოკუმენტი და მოლაპარაკებებში მონაწილე ნებისმიერ პარტიას შეუძლია, როგორც ხელმოწერით შეუერთდეს, ასევე ნებისმიერს შეუძლია, რომ ახალი პუნქტიც შემოიტანოს და ისევე იმუშაოს „ქართულ ოცნებასთან“, როგორც ჩვენ ვმუშაობდით. ინდივიდუალური შეხვედრების დროს ძალიან ბევრ რამეზე დავახევინეთ უკან. ანუ ეს რაღაც მყარი მოცემულობა კი არ არის, კანონი კი არ მიგვიღია დღეს.
ამის ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე. ეს ჯერ მხოლოდ მემორანდუმია. ამას ვეუბნებოდით ოპოზიციურ პარტიებს სწორედ - მიდით, ყველაფერს უფრო პასუხისმგებლობით შევხედოთ-თქო. ასე რომ, ახლა საყვედურებს ვერ მივიღებ.
რადიო თავისუფლება: „ქართულმა ოცნებამ“, კონკრეტულად მამუკა მდინარაძემ, დღეს თქვა, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები აი, იმ შეთანხმებას, რასაც თქვენ მოაწერეთ ხელი. ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდება. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ხელისუფლებასთან?
ალეკო ელისაშვილი: ჩვენ როგორც გავაკეთეთ?! რადგან ამ მეხუთე რაუნდის თარიღი ჰაერში გამოეკიდა, ვთქვით, რომ მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ. [ფეისბუკზე] დავწერე სტატუსი, რომ ჩვენი პარტია ადასტურებს შეხვედრის მზაობას. იქიდან გვიპასუხეს - კი, ბატონოო. შემდეგ იყო კომუნიკაცია, დავნიშნეთ შეხვედრა და კამერების თანდასწრებით პარლამენტში შევხვდით „ოცნებას“. არ ვიცი, ან ელჩების თანდასწრებით ისევ... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დღეს „ქართული ოცნებიდან“ მოვისმინეთ - ვინც გამოგვეხმაურება, მზად ვართ, ყველას შევხვდეთო.
რადიო თავისუფლება: ყველაზე მეტად რით ხართ ახლა კმაყოფილი?
ალეკო ელისაშვილი: რით და საარჩევნო სისტემების ცვლილებით. მაგალითად, იმ საკითხით, რომ ყველა საარჩევნო უბანზე იქნება ელექტრომთვლელი აპარატი და 8 საათზე [უბნების დახურვიდან მალევე] გექნება არჩევნების შედეგი. აი, პირდაპირ ჩეკი გამოვა ხმის მთვლელი აპარატიდან და გავიგებთ, ვინ რამდენი ხმა მიიღო. უბნის დახურვის მერე რამდენიმესაათიანი დათვლები კი არ წავა და მერე, შუაღამისას თუ გამთენიისას კი აღარ გვეტყვის ცესკო შედეგებს, არამედ რამდენიმე წუთში გვეცოდინება. კმაყოფილი ვარ იმით, რომ თითის ანაბეჭდებით მოხდება არჩევნები, რაც მინიმუმზე დაიყვანს გაყალბებას. გვახსოვს კარგად, მარკირების წესის პრობლემები... ლაივში გადაიცემა სამი კამერით თითოეულ უბანზე მიმდინარე კენჭისყრის პროცესი, რაც კარუსელს შეამცირებს და ასევე კარუსელის რისკს შეამცირებს თითოეულ ფურცელზე დატანილი შტრიხკოდი.
რადიო თავისუფლება: და როდისთვის უნდა მოხდეს ეს? მემორანდუმში ვადები არ არის მითითებული.
ალეკო ელისაშვილი: ჩვენთვის სანდო არის ერთადერთი რამ, რომ 1 მარტამდე უნდა მოხდეს შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და 1 მაისამდე უნდა დამტკიცდეს. ეს არ მოხდება და გამოვალთ ჩვენ პარლამენტიდან. ეს არის ჩვენთვის გარანტია და არა ის, რომ ვიღაცას სიტყვაზე ვენდეთ.
რადიო თავისუფლება: აპირებთ, რომ ჩაერთოთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების სანდოობას შეისწავლის?
ალეკო ელისაშვილი: ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ ჩამოგვიყალიბებია პოზიცია. ვფიქრობთ ჯერ კიდევ. დღეს ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
რადიო თავისუფლება: იცით ალბათ, რომ ISFED-მა დღეს ხელახლა გადათვლის შედეგად დაადასტურა, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო ბიულეტენების მეტობა და დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ მეტწილად კენჭისყრის მომდევნო დღეებში გაასწორა. განიხილავთ თუ არა ამ ფაქტს დამატებით არგუმენტად, რომ არჩევნების შედეგების გაყალბება დაამტკიცოთ?
ალეკო ელისაშვილი: ისეთი მძიმე დღე იყო დღეს, რომ ვერც კი მოვასწარი ნახვა...
რადიო თავისუფლება: შეეცდებით, რომ არჩევნების გაყალბება, რაზეც თქვენ სულ ლაპარაკობდით, რაიმენაირად დაამტკიცოთ პარლამენტში?
ალეკო ელისაშვილი: ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელიც თავიდანვე დავთანხმდით „ქართული ოცნების“ წინადადებას ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით. როცა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე თქვა - რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ, თუკი 1%-იანი ცდომილება აღმოჩნდებაო, ჩვენ ვიყავით ასევე ერთადერთი პარტია, რომელმაც ვთქვით - მზად ვართ ჩავერთოთ-თქო...
რადიო თავისუფლება: ამიტომ გეკითხებით სწორედ თქვენ.
ალეკო ელისაშვილი: სხვა პარტიებმა რადგან შორს დაიჭირეს ამ საკითხიდან თავი, არც ჩვენ გვინდა ვიყოთ თეთრი ყვავებივით. რა ვიცი, 2 დეპუტატი მთელი ოპოზიციის ნაცვლად როგორ გავაკეთებთ ამას, არ ვიცი... ვფიქრობთ ჯერ კიდევ, ვნახოთ. ჩვენ მხოლოდ საბურთალოს ოლქში გვყავდა დამკვირვებლები რეალურად და მზად ვართ, რომ საბურთალოს ოლქის შემთხვევაში დავამტკიცოთ გაყალბება 1%-ც და მეტიც, მაგრამ სხვებს არ უნდათ და რა გავაკეთოთ... ვატყობ, რომ პარლამენტში მთელი ოპოზიციის ტვირთის მარტო ტარება მოგვიწევს და იმდენი საქმე გვექნება სხვაც, რომ რა იქნება, არ ვიცით.
რადიო თავისუფლება: 2 დეპუტატით რას გააკეთებს პარტია პარლამენტში? სულ ამბობდით ხოლმე, რომ 2 დეპუტატი, სხვა ოპოზიციონერების გარეშე ქოთნის ყვავილებივით ვიქნებითო და ახლა ასე აღარ ფიქრობთ? ჯერჯერობით არავინ შემოდის სხვა პარლამენტში.
ალეკო ელისაშვილი: ყველას დავუმტკიცებთ, რომ 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტისასაც. ახლაც ხო მთელი ოპოზიციის საქმე ჩვენ გავაკეთეთ. 4 საკითხიდან თითქმის 100%-ით წამოვიღეთ 3 საკითხი. სხვებმაც პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს, საბავშვო ბაღი ხომ არ არის, არა?! ცოტა შეცვლილი რეალობა გაითვალისწინონ, პასუხისმგებლობა გაითვალისწინონ და შემოვიდნენ.
მე მაქვს ეს გამოცდილება, 6 წელი საკრებულოში მარტო ვიყავი 50 დეპუტატის წინააღმდეგ, მაგრამ რაც ძალი და ღონე მქონდა, ვმუშაობდი.
რადიო თავისუფლება: მოკლედ, უკვე გჯერათ, რომ აღარ იგრძნობთ თავს ქოთნის ყვავილად...
ალეკო ელისაშვილი: კი, გვირჩევნია, რომ სხვებიც შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სხვებზე დამოკიდებულები. რა თქმა უნდა, გვირჩევნია შემოვიდნენ სხვებიც და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვიმუშაოთ. თუ ოპოზიცია არ შემოვიდა, ვერ მოვახერხებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას (მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა სჭირდება) და ვერ დავწევთ საარჩევნო ბარიერს.
რადიო თავისუფლება: ვნახეთ, რომ გუშინ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. მათ გათავისუფლებას თქვენს დამსახურებად თვლით?
ალეკო ელისაშვილი: მე ამაზე ასე არ ვიტყოდი. მოლაპარაკების შედეგია ეს. 5 ადამიანიდან, ვისი გვარიც იყო დასახელებული [ოპოზიციის მიერ] თავიდანვე, 4 ადამიანია უკვე გარეთ. მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ სამართალმა იზეიმა და პური ჭამა სასამართლო დარბაზში, ანდა პროკურორები და მოსამართლეები უცებ კეთილები გახდნენ... არა, ეს მოლაპარაკების შედეგია. ეს არის საკითხი, რომლის დეტალებზეც არ ვილაპარაკებ, რადგან ჩვენთვის სიტყვას და შეთანხმებას აქვს ფასი. მაგრამ ფაქტია მთავარი, რომ 5-დან 4 ადამიანი არის გარეთ. ეს არის მოლაპარაკების შედეგი და მათ შორის - ჩვენიც.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ საკითხებში და ძალიან პრინციპულად ვიყავით ჩართული. სადმე წავიდოდა თუ არა საუბარი, ისევ ვუბრუნდებოდით ამ საკითხს.
რადიო თავისუფლება: ოპოზიციის სიიდან მე-5 ადამიანი, გიორგი რურუა რჩება საპატიმროში. დგას ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში?
ალეკო ელისაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე ვცდილობდით ამ საკითხის დაყენებას, თუმცა იქიდან იყო კატეგორიული უარი, უარყოფა საკითხის. მაგრამ ჩვენ პარლამენტშიც გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, არ დამთავრებულა და არ დახურულა ეს ფურცელი. სხვებიც მივიდნენ და დააყენონ ეს საკითხი. ჩვენ პარლამენტიდან გავირჯებით ამ საკითხისთვის.
რადიო თავისუფლება: როდიდან შეუდგებით მუშაობას პარლამენტში? როდის იქნება თქვენი პირველი დღე?
ალეკო ელისაშვილი: არ ვიცი, არ ვიცი, სხდომა როცა იქნება. ალბათ, 2 თებერვალს.