Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „გლოვო" პარტნიორი კურიერების პროტესტის შესახებ განცხადებას ავრცელებს


თბილისში „გლოვოს" კურიერების საპროტესტო შეკრებას გამოეხმაურა კომპანია, რომელიც განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ელოდება კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შეძლოს მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა.

„ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც „გლოვერების", ისე „გლოვოზე" განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება. „გლოვერები", რომლებიც Covid19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, „გლოვოს" მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.

პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაზარალდეს მომხმარებელი და მით უფრო, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია „გლოვოს" განცხადებაში.

„გლოვოს" კურიერები აპროტესტებენ სამუშაო პირობებს. აქციაზე შეკრებილმა ოფისის წარმომადგენლებს მიმართეს, რომ „გამოვიდნენ".

ერთ-ერთი კურიერი ამბობს, რომ აპლიკაცია კილომეტრებს ზუსტად არ თვლის და ტარიფს სწორად არ ადგენს, რის გამოც მათი შემოსავალი მცირდება. კურიერები ამბობენ, რომ კომპანია „ჯიბეში უყოფს ხელს".

„მომხმარებელი როცა ე.წ. ჩაიას გიტოვებს, ეს არ გვიჩანს. [ვცადეთ] ერთმა კურიერმა გამოიძახა და მეორეს 15 ლარი დაუტოვა და ეს არ გამოჩნდა... აქ ხდება „გრუზინული" ჯიბის გასქელებები", - აცხადებს კურიერი.

XS
SM
MD
LG