ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) სახარებისთვის შეუფერებელს უწოდებს დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას, სადაც ის ამბობდა, რომ ბავშვი თუ პარაზიტია, სჯობს, პატარა მოკვდეს. დეკანოზის ქადაგება გუშინ გავრცელდა მედიაში.
"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", - ვკითხულობთ მეუფე დანიელის განცხადებაში.
დეკანოზი თადეოზი ქადაგებაში, რომლის ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა, არმენოფობიულ განცხადებებს იყენებს და "გაფუჭებულ სომხებს" უწოდებს ადამიანებს.
"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო - სომეხი ხო არ ხარ, გაფუჭებული სომეხი?! სომეხი რას ამბობს, რა გავცე, რის გავცეო", - ამბობს ის.
გარდა ამისა, პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენდა "ქურდულ სამყაროს" და აღნიშნავდა, რომ "სამართალს ამბობდნენ". ამავე კონტექსტში ის ისევ არმენოფობოული შინაარსის განცხადებას ამბობს და მიხეილ სააკაშვილის დასაკნინებლად მის გვარს სააკიანად მოიხსენიებს.
"რატომ გაყარა სააკიანმა ის ქურდები აქედან, იცით? ჯერ ერთი, წილს ართმევდნენ, მეორე სამართალს... ახლა ზოგიერთი რელიგიური ადამიანი არ ამბობს სამართალს. ისინი, ვინც იყვნენ "ნამდვილები", ჩაცხრილეს და ამბობდნენ სამართალს. მოიშორეს", - ამბობდა დეკანოზი.
დეკანოზი არ ერიდება მითების გავრცელებასაც. მისი თქმით, ადამიანი რომ გასინჯონ და კორონავირუსი მოხდილი ჰქონდეს, ამის მიზეზი გენეტიკური სიძლიერე და ღვთისმშობლის დახმარება იქნება.
"ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე, ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ. თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?!" - ამბობდა დეკანოზი ქადაგების დროს.