Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის მიწევს აცრა? როგორ ვრეგისტრირდები? სად ვიცრები? - ვაქცინაციის გეგმის კონტურები


ორკვირიანი მოლოდინის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ვაქცინაციის გეგმა წარმოადგინა. მთავრობა შეეცადა მოქალაქეებისათვის გაეცნო ის მიახლოებითი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის მიწურულამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან.

იმუნიზაციის გეგმა დაიყო სამიზნე ჯგუფებად, კვარტლებად, კვირებად. მთავრობამ დაითვალა ასაცრელი მოსახლეობის რაოდენობაც, ჯამში 1,691,214 ადამიანი. მეტიც, დაითვალა თითოეულ სამიზნე ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობაც, მაგრამ გეგმაში არ ჩაწერა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი, როდის დაიწყება ვაქცინაცია? თებერვლის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს? მარტში? ზოგადად გაზაფხულზე, თუ როდის? ანუ, როდიდან უნდა დავიწყოთ იმ კვარტლებისა და კვირების ათვლა, რომელთა ილუსტრაციასაც ვაქცინაციის გეგმა გვთავაზობს.

როდის მიწევს აცრა?

და მაინც, მიახლოებით რომ წარმოიდგინოთ, როდის შეიძლება მოგიწიოთ ვაქცინაციამ, გეგმაზე დაყრდნობით გთავაზობთ ასეთ ვარაუდს:

რაკიღა ბოლო კვირების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ ვაქცინის პირველი პარტია, სავარაუდოდ, თებერვალში უნდა გვქონდეს, მაშინ ვაქცინაციის თარიღის ათვლა დავიწყოთ მარტიდან.

  • თუკი ვაქცინაცია დაიწყება მარტის პირველ კვირაში და თუკი შენ ხარ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი, ან ცხოვრობ და მუშაობ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში, ან შენი ასაკი 75 წელს ზევითაა, შენ განეკუთვნები I ა ეტაპის კატეგორიას და აცრა მოგიწევს პირველი მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
  • შემდეგი, I ბ ეტაპი, მოიცავს ვაქცინაციის მეექვსე-მეათე კვირას ანუ, 5 აპრილიდან - 3 მაისის პერიოდს. დროის სწორედ ამ მონაკვეთში მოგიწევს აცრა, თუკი შენი ასაკია 65-დან 74 წლის ჩათვლით.
  • ვაქცინაციის მეორე, II ა ეტაპზე, აიცრებიან ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები. აღსანიშნავია, რომ სერვისების ზუსტი ჩამონათვალი გეგმაში არ არის გაწერილი. სავარაუდოდ, ესენი უნდა იყვნენ, მომსახურების, სავაჭრო და სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები, პოლიცია, თავდაცვა. ამ სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, ვაქცინაციის მეთერთმეტე-მეოცე კვირაში, ანუ 3 მაისიდან 28 ივნისის ჩათვლით. ამავე პერიოდში აიცრებიან 55-დან 64 წლის ასაკის ჩათვლით პირები და 18-დან 54 წლამდე, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები.
  • მხოლოდ ამ ჯგუფების, ჯამში 830,474 ადამიანის აცრის შემდეგ, გადადის ვაქცინაცია მესამე (III) ეტაპზე, რომელიც გრძელდება ვაქცინაციის დაწყებიდან 21-ე - 30-ე კვირების ფარგლებში - 28 ივნისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით და ამ პერიოდში, როგორც ვაქცინაციის გეგმაშია აღნიშნული, აიცრება „მოსახლეობის სხვა ჯგუფები“.

შეგახსენებთ, ეს კალენდარი დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე. ვაქცინაციის ზუსტი კალენდრის განსაზღვრა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც მთავრობა ვაქცინაციის დაწყების ზუსტ თარიღს დაასახელებს.

გეგმის თანახმად, დასახული მიზნის მისაღწევად, ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,691,214 ადამიანის ასაცრელად, საქართველოს დასჭირდება 3,979,300 დოზა ვაქცინა. როგორც ცნობილია, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ დოზად, დაახლოებით სამკვირიანი ინტერვალით კეთდება.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე აცრისთვის?

ეს ცოტა რთული კითხვაა. უფრო ზუსტად, კითხვა არ არის რთული, პასუხია დაუზუსტებელი. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, უნდა ამოქმედდეს აცრაზე ჩაწერა-რეგისტრაციის ონლაინ მოდული. როდიდან ამოქმედდება ეს მოდული, გეგმაში გაწერილი არ არის.

გეგმის თანახმად, აცრების რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან გამოიყენება. ამავე სისტემას დაემატება მე-2 დოზაზე შემახსენებელი შეტყობინებების და მოსასვლელი კონტიგენტის მონიტორინგის ფუნქცია.

ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგულისხმება პორტალი www.immunization.moh.gov.ge ან www.portal.ncdc.ge. სავარაუდოდ, სწორედ ამ საიტებზე დარეგისტრირების შემდეგ მოგეცემათ საშუალება, ჩაეწეროთ ვაქცინაციის რიგში.

სად ვიცრები?

  • თუკი ხარ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, შენ აიცრები იმ კლინიკაში, სადაც მუშაობ;
  • თუკი ცხოვრობ ან მუშაობ ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებაში, შენს ასაცრელად, ადგილზე მოვა მობილური ბრიგადა;
  • თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეგიძლია გადაადგილება, შენს ასაცრელად ბინაზე მოვა მობილური ბრიგადა;
  • თუკი განეკუთვნები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფს, უნდა მიაკითხო ან საავადმყოფოს ან იმუნიზაციის კლინიკას. გეგმაში, ჯერჯერობით, არ არის დაკონკრეტებული, რომელ საავადმყოფოებს შეგიძლია მიმართო;
  • თუკი შედიხარ ე.წ. ზოგადი მოსახლეობის ჯგუფში, ანუ შენი ასაკია 18-54 წელი და არ გაქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, საქართველოს დიდ ქალაქებში გაიხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები. გეგმაში, ჯერჯერობით, არ არის მითითებული, სად შეიძლება იყოს ეს ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები. უცხოურ გამოცდილებაზე დაკვირვებით კი გეტყვით, რომ მაგალითად, ინგლისში, ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრია სოლსბერის კათედრალი. ამერიკაში, კალიფორნიაში, დისნეი ლენდის ტერიტორიაზე გაიხსნა, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და ა.შ.

რომელი ვაქცინით ავიცრები?

გარდა იმისა, რომ გეგმაში არ არის დაკონკრეტებული ვაქცინაციის დაწყების ზუსტი თარიღი, გეგმაში არც იმის წესახებ წერია არაფერი, რომელი და რა რაოდენობით ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

ვაქცინაციის გეგმაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ ქვეყანა მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული, შეყვანილია გადაუდებელი გამოყენების სიაში ან გავლილი აქვს ჯანმოს პრე-კვალიფიკაცია. გარდა ამისა, ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა FDA (აშშ), EMA (ევროგაერთიანება), გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი).

2021 წლის 14 იანვრის მონაცემებით, ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია, „პფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს სია 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში გაფართოვდეს.

ვიცით, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს შეკვეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის covax-პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინის შესაძენად და ამ მიზნით ფონდში უკვე გადარიცხულია 4 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, covax პლატფორმაზე არცერთი დოზა არც „პფაიზერის“, არც „მოდერნასი“ და არც „ასტრაზენეკასი“, არ არის. აღნიშნული ვაქცინები უკვე შეძენილი აქვთ ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებს, სადაც ვაქცინაცია დეკემბრის შუარიცხვებიდან, ინტენსიურად მიმდინარეობს.

საიდან და რა გზით მიიღებს საქართველო ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს, ამის შესახებ გეგმაში არაფერი წერია. ზოგადი საუბრებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდა covax პლატფორმისა, საქართველოს მთავრობა ვაქცინის შეძენის თაობაზე აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან.

ვაქცინაციის გეგმისთვის პერსპექტიული ვაქცინები

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მითითებულია და ეს აქამდეც ვიცოდით, რომ საქართველოს საშუალება აქვს მიიღოს - 80 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა (იგულისხმება „პფაიზერი“).

ქვეყანას ასევე საშუალება აქვს მიიღოს ამავე რაოდენობის (საჭიროების შემთხვევაში, გაორმაგებული რაოდენობის) - 20 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა (იგულისხმება „მოდერნა“).

თუმცა, ეროვნული გეგმის თანახმად, იგეგმება უმეტესწილად 2-8 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის („ასტრაზენეკა“) გამოყენება, რადგან ქვეყნის ცივი ჯაჭვი და იმუნიზაციის სისტემა უფრო მეტად ამგვარ ვაქცინებზეა მორგებული.

აღსანიშნავია, რომ COVAX-ის ფონდის მიერ შეკვეთილ ვაქცინებში უდიდესი წილი 2-8 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებია.

არსებული მონაცემებით, ვაქცინის მწარმოებელთა უმეტესობა გეგმავს 2 - 8 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის წარმოებას, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც - 80 C და -20 C ტემპერატურა სჭირდებათ. 2021 წლის პირველ ნახევარში, ვაქცინების მოსალოდნელი მოცულობა, რომელთაც გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ექნებათ 1.5-2.7 მილიარდ დოზას არ გადააჭარბებს, მოცულობების ზრდა უფრო 2021 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი და უმეტესი ვაქცინები იქნება 2 - 8 C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა.

20 იანვრის მონაცემებით, ვაქცინაცია მიმდინარეობს მსოფლიოს 17 ქვეყანაში. აცრილია 54 მილიონამდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG