Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს


საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მიღებული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ამ დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლულია და მოკვლამდე ის გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

"კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებულები მას სასტიკად გაუსწორდნენ სიცოცხლეში და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

დღეს, მცხეთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესები იმართება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი 11 საათზე დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლო კი ამ საქმეზე ბრალდებული 8 სრულწლოვნის პროცესს მართავს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 2020 წლის 20 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უკვე მიუსაჯა პატიმრობა დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება კი ოთხი მუხლით მიმდინარეობს. ესენია: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

XS
SM
MD
LG