მძიმე და მღელვარე 2020-მა პოლიტიკური თავსატეხი 2021 წელსაც გადაულოცა. ჯერაც გაურკვეველია, როგორ დასრულდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ გაღვივებული პოლიტიკური კრიზისი. მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჯერ ისევ ერთპარტიული პარლამენტი აქვს. რადიო თავისუფლება იხსენებს წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს - სადავო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.
ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის
პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებამდეც დიდი ბრძოლით მივიდა. წლის დასაწყისიდანვე გაგრძელდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დავა. თავიდან ოპოზიცია უშედეგოდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ჯერ დაპირებულ და შემდეგ უარყოფილ სრულად პროპორციულ არჩევნებს; ხოლო შემდეგ, ხელისუფლებას ასევე უშედეგოდ სთავაზობდა ე.წ. „გერმანულ მოდელს“.
ზამთარში გამართული რამდენიმე რაუნდიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ მხარეები არასრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ.
გადაწყდა, რომ:
· მომავალ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით იქნებოდა არჩეული;
· საარჩევნო სუბიექტებისთვის დაწესდებოდა 1%-იანი ბარიერი და მათ ბლოკებში გაერთიანების უფლებაც ექნებოდათ.
ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით წარმართული დაძაბული მოლაპარაკებებისა და დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. პროცესი 8 მარტს ხელმოწერილი ორნაწილიანი შეთანხმებით დასრულდა.
8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური მართლმსაჯულება
საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების დეპოლიტიზება. ეს საკითხი აქტუალური იყო იმის გამო, რომ განვლილ თვეებში სასამართლო განხილვებზე ერთმანეთის მიყოლებით იბარებდნენ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა თუ მედიის წარმომადგენლებს. სამართლებრივი დავის საგანს ძირითადად ძველი საქმეები წარმოადგენდა.
ეს პროცესები არ დარჩენილა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა და საქართველოს მთავრობამ მრავალი მწვავედ კრიტიკული მესიჯიც მიიღო ევროპიდან და აშშ-დან. ზოგიერთ წერილსა თუ განცხადებაში პირდაპირ იყო მითითებული დაპატიმრებულთა გვარებიც და ლაპარაკი იყო საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზეც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღემდე უარყოფს ოპოზიციის განცხადებებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში დაიდო ზეპირი პირობა, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებოდნენ და შეჩერდებოდა სამართლებრივი დევნის ყველა ის პროცესი,რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმას ტოვებდა.
"ქართული ოცნება" მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ სწორედ 8 მარტის შეთანხმების დამსახურებად ჩათვალა მთელი რიგი მოვლენები:
- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაისში, ერთ დღეს შეიწყალა პატიმრები - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი - ირაკლი ოქრუაშვილი;
- საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაპატიმრებული - ბესიკ თამლიანი;
- გადაიდო მთელი რიგი სასამართლო პროცესები. მაგალითად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შემთხვევაში.
ამავე პროცესში ოპოზიცია აქტიურად მოითხოვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის - გიორგი რურუას გათავისუფლებასაც. მაგრამ რურუა დღემდე საპატიმროში რჩება.
მზადება არჩევნებისთვის
არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრებით დაიწყეს. თავიდან ითქვა, რომ სურდათ, შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატები ჰყოლოდათ 30-ვე საარჩევნო ოლქში. გარკვეული დისკუსიებისა და კამათის ფონზე, საბოლოოდ ეს ვერ მოხერხდა.
- 18 აგვისტოს ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია თბილისის 8-ვე ოლქის კანდიდატებთან დაკავშირებით;
- თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციის სრული მხარდაჭერით 8-დან 6 ოლქში წარდგენილი კანდიდატები სარგებლობდნენ.
ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებულ ოპოზიციას გამოეყო გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველო“ და ახალი სახელით („სტრატეგია აღმაშენებელი“) დაიწყო საქმიანობა. მოგვიანებით ასევე დაერქვა მის საარჩევნო ბლოკსაც.
დაპირისპირების ფონზე, ისნის ოლქში გიორგი ვაშაძეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონკურენტად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სდაუყენა.
არჩევნებისთვის შეიქმნა ახალი პარტიებიც.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაფუძნდა ალეკო ელისაშვილის პარტია - „მოქალაქეები“. თავად ელისაშვილი არ მონაწილეობდა ოპოზიციური ერთობის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებში.
არჩევნებისთვის შეიქმნა ასევე „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული დეპუტატების პარტიაც - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“. ამ პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
ოპოზიციური პარტიების ერთობამ არჩევნების წინ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ერთმანეთის ხმების დაცვის თაობაზე და დაიდო პირობა მეორე ტურში გასული კანდიდატების ერთიანი მხარდაჭერის შესახებაც.
2020 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები რადიკალიზმსა და რევოლუციური სცენარების მხარდაჭერაში. რიტორიკა განსაკუთრებით გამწვავდა წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით - ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ ჭრილში.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ - „ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე”.
წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ მრავალ დარღვევაზე ლაპარაკობდა არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების სათვალავზე არსებული დარღვევების მასშტაბი ბევრად აღემატებოდა ოპოზიციისას. გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება-ზეწოლის ფაქტები და პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობები. ხელისუფლება ყველაფერს უარყოფდა.
სადავო, ხმაურიანი არჩევნები
31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტია/ბლოკმა გადალახა:
- „ქართული ოცნება“ - 48,22 % (60 მანდატი);
- ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 27,18% (36 მანდატი);
- „ევროპული საქართველო“ – 3,79% (5 მანდატი);
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15% (4 მანდატი);
- „ლელო“ – 3,15% (4 მანდატი);
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14% (4 მანდატი);
- „გირჩი“ – 2,89 % (4 მანდატი);
- „მოქალაქეები“ – 1,33% (2 მანდატი);
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1 % (1 მანდატი).
„ქართულმა ოცნებამ“ პირველსავე ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა; ხოლო 17 ოლქში მეორე ტურები დაინიშნა. მათ შორის, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტურებში გავიდნენ ოპოზიციურ პარტიათა კანდიდატები. მაგრამ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მონაწილეობით გაიმართა.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მალევე თქვეს უარი პარლამენტში შესვლაზეც. 3 ნოემბერს 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე.
არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები ყოველ ჯერზე მიუთითებდნენ კალმით გადასწორებული შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტოდ მაღალ რიცხვზე და მასშტაბურ დისბალანსზე უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვსა და გამოყენებულ ბიულეტენებს შორის.
ოპოზიცია ასევე საუბრობდა ე.წ. სომხურ კარუსელზე და მათთვის ხმების დამალვაზე. ხელისუფლება და ცესკო ასეთ შეფასებებს კატეგორიულად უარყოფდნენ.
როგორც არასამთავრობო სექტორმა, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა საჩივრები ჯერ საოლქო კომისიების დონეზე დაწერეს და მერე სასამართლოშიც წავიდნენ. ამბობენ, რომ სამართალს მაინც ვერ მიაღწიეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასობით სადავო უბნიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული უბანი გახსნა და მაგალითად:
- სამგორის ოლქის #97 უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგად, ოპოზიციის სასარგებლოდ 149 ხმა იქნა ნაპოვნი.
- საბურთალოს #52 უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგად დადასტურდა, რომ შემაჯამებელ ოქმში არ იყო ასახული სამი ოპოზიციური პარტიის/ბლოკის 90 ხმა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 1 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“ . აღინიშნა, რომ სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა ნდობასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
- საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ამცირებდა, მაგალითად: „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და ბუნდოვანი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“;
- მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საზოგადოებრივ აღქმაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენდა „საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა".
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, არჩევნების შედეგად, პარლამენტში მოხვდა „ქართული ოცნების“ – 90, ხოლო ოპოზიციური პარტიების 60 დეპუტატი.
ერთპარტიული პარლამენტი
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს შედგა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ და უპრობლემოდ სცნეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილებაც.
- 60-დან 50-ზე მეტმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დეკემბერში დაწერა განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
- ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დააკმაყოფილებს პარლამენტი ამ განცხადებებს.
- ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება პროცესის თებერვლამდე გაჭიანურების შესაძლებლობას გამოიყენებს.
ყველასათვის ცხადია, რომ მხოლოდ ერთი პარტიის 90 დეპუტატის პირობებში პარლამენტი სრულფასოვან მუშაობას ვერ შეძლებს. ოპოზიცია თვლის, რომ ასეთი პარლამენტი კრიზისს ვერ გაუძლებს და ადრე თუ გვიან - გარდაუვალი გახდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თითქმის ყოველდღე მიმართავს ოპოზიციას - დაიკავონ თავიანთი ცარიელი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა ჯერჯერობით მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ შესულა.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ავთანდილ ენუქიძე ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც გადაწყვიტა, შევიდეს პარლამენტში. ლაპარაკია ამავე პარტიის კიდევ ერთ დეპუტატზე, მაგრამ არა ლიდერებიდან.
პარლამენტში შესვლის ემხრობიან პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებიც. ალექსანდრე ელისაშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირების ფონზე, არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, ისარგებლოს სადეპუტატო მანდატით, თუკი მოხდება ხელისუფლებასთან შეთანხმება ძირეული საარჩევნო რეფორმის განხორციელების კუთხით. თუმცა ასეთი მსჯელობისას ისიც აღინიშნება ხოლმე, რომ მხოლოდ ორი დეპუტატის შესვლას აზრი არა აქვს.
ელისაშვილის პარტია ერთადერთია, რომელსაც სჯერა, რომ ხელისუფლება მზად არის თითქმის სრულად დააკმაყოფილოს ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიციის მიერ წამოყენებული ოთხივე მოთხოვნა.
გაჭიანურებული მოლაპარაკებები ელჩების შუამავლობით
ქუჩის აქციებისა და მღელვარების ფონზე, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავლობა იკისრეს.
პირველი ასეთი შეხვედრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და „ქართული ოცნების“ ლიდერები მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პროცესი ჯერჯერობით უშედეგოა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ოცნებისთვის“ წარდგენილი აქვთ 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას (შესაძლოა, წინასწარი პლებისციტის მექანიზმით), პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო წესების დახვეწასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.
- ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უმთავრეს მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თვლის.
- რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შანსს „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს - თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა, ჩაერთვება საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თავიდან დაითვლება ბიულეტენები და დამტკიცდება თუნდაც 1%-იანი ცდომილება მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბრისთვის იყო დანიშნული, თუმცა ყველაფერი შეცვალა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ 9 დეკემბერს გამართულმა ბრიფინგმა.
იმ დღეს პირველად გახმაურდა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები - პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და ასევე, საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
მოგვიანებით, უკვე საკანონმდებლო პაკეტების მომზადების შემდეგ გაირკვა, რომ პარლამენტში არშესულ პარტიებს ასევე შეეზღუდებათ წვდომა წინასაარჩევნო უფასო საეთერო დროზე.
ოპოზიციამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი მუქარად და შანტაჟად შეაფასა. ოპოზიციონერებმა მეხუთე რაუნდის გადადება მოითხოვეს. მართალია, პროცესის გაგრძელებაზე საბოლოო უარი არავის უთქვამს, მაგრამ მას შემდეგ მეხუთე რაუნდი აღარ დანიშნულა.
ზოგადად, აშკარაა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ემხრობიან და ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს და შემდგომ კვირებში.
- 17 ნოემბერს ჩამოსულმა პომპეომ საქართველო 18 ნოემბერს ისე დატოვა, რომ არ შეხვედრია ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასეთი შეხვედრა ვიზიტის დღის წესრიგში არ იყო გათვალისწინებული.
- 18 ნოემბერს, ბევრისთვის მოულოდნელად გადაწყდა, რომ ოპოზიციას მაიკ პომპეოს თანაშემწე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასთან და ევრაზიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ რიკერი შეხვდებოდა.
- თუმცა ამ ფაქტს ბევრი არაფერი შეუცვლია.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ზამთრის მიწურულისკენ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევა. თუმცა მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაზაფხულის საპროტესტო აქციებისთვის იწყებენ მზადებას. პანდემიის გამო, ამ იდეას არ ემხრობა, მაგალითად, პარტია „ლელო“.
ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში
არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები სამ ოპოზიციურ პარტიაში მოხდა.
თავდაპირველად, 4 დეკემბერს, თანაგუნდელებთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და წლის ბოლოს ახალი პარტიაც დააფუძნა სახელწოდებით - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ჯაფარიძესთან ერთად პარტიული სიით გასული კიდევ სამი დეპუტატი ძველ „გირჩში“ დარჩნენ. მათ არ მიუმართავთ პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.
15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან საკუთარი პარტიის მიმართ მწვავედ კრიტიკული ფეისბუკგანცხადებით გადადგა გრიგოლ ვაშაძე. მისი ადრინდელი ხმაურიანი განცხადებები და ქმედებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრე იყო.
თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პარტიის ყრილობამ 27 დეკემბერს დაამტკიცა პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მისი შერჩევა 4-დღიანი ონლაინკენჭისყრის გზით მოხდა. მელია აპირებს, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიზიდოს და პარტიის რეიტინგი 35-37%-მდე გაზარდოს.
28 დეკემბერს „ევროპული საქართველოდან“ წასვლის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა ელენე ხოშტარიამ. ის ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ელენე ხოშტარია, ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებით, ჯერჯერობით არ აპირებდა ამ გადაწყვეტილებაზე საჯარო მსჯელობას, თუმცა ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა.
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში მოელიან, რომ საზოგადოება 2021 წელს კიდევ უფრო მეტი ცვლილების მომსწრე გახდება, რადგან არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ სპექტრს ბევრი პრობლემა და გამოწვევა დაანახა.