კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა ნაკლებად დატოვა კარგ ამბებზე ფიქრის დრო. სანამ განსაკუთრებით არ მოვინდომებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს იმის გახსენება, თუ რა მოხდა წელს კარგი საქართველოსა და მსოფლიოში. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კარგი ამბავი მაინც გაიხსენა.
შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და პანდემიით გამოწვეული უიმედობის პირობებში Pfizer-BioNTech-მა და Moderna-მ უპრეცედენტოდ სწრაფად შექმნეს ეფექტური ვაქცინები. ამერიკასა და ევროპაში ვაქცინაცია უკვე დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლება გვპირდება, რომ covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით კორონავირუსის პირველი ვაქცინა ჩვენთან, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შემოვა.
ჰაერი უფრო სუფთა გახდა
თუკი კარგი რამ შეიძლება გამოეწვია კორონავირუსის პანდემიას, ეს “ლოკდაუნის” შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
“Global Carbon Project -მა”, რომელიც ათობით საერთაშორისო მეცნიერს აერთიანებს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 7 %-ით შემცირდა ნახშირორჟანგის გამოფრქვევა, რაც ისტორიის მანძილზე ცუდი მაჩვენებლის ყველაზე დიდი ვარდნაა.
ცვლილების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მანქანებისა და თვითმფრინავების მოძრაობის შემცირებაა, რადგან ადამიანის მიერ წარმოქმნილი "სათბური გაზების” დიდი წილი სწორედ ტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის.
გაიზარდა ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში
გენდერული თანასწორობა მთელ მსოფლიოში ისევ პრობლემად რჩება, თუმცა წელს საგრძნობი გახდა დადებითი ტენდენცია.
მაგალითად, ამერიკას, ისტორიაში პირველად, ქალი ვიცე- პრეზიდენტი ჰყავს - კამალა ჰარისი.
წელს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის საშუალო მაჩვენებელი, 1995 წელთან შედარებით (11,3%), 2-ჯერ მეტად გაიზარდა და 25 %-ს მიაღწია.
პარლამენტში ქალთა 15-პროცენტიანი წარმომადგენლობით, საქართველო 53-ე ადგილს იკავებს ევროპისა და აზიის 56 ქვეყანას შორის, რაც არ შეიძლება მაღალ მაჩვენებლად ჩაითვალოს.
მეტად ვზრუნავდით ერთმანეთზე
სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გამო წელს უფრო მეტად ვზრუნავდით სხვებზე, ვიდრე ადრე.
შეიქმნა არაერთი მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც სისტემატიურად ეხმარებიან სახლში გამოკეტილ მოხუცებსა და უშემოსავლოდ დარჩენილ მოქალაქეებს. არიან ისეთებიც, ვისაც კვირაში რამდენჯერმე საკუთარი მანქანით მიჰყავს უცნობები ექიმთან და სხვა გადაუდებელ საქმეებზე.
სამედიცინო სექტორზე დიდი დატვირთვისა და არასაკმარისი კადრების გამო პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ მოხალისეები - რეზიდენტები, ექთნები და, სულაც, სამედიცინო სფეროსგან შორს მყოფი ადამიანები, რომლებმაც სანიტრებისა და ექთნების მოვალეობები შეითავსეს.
შეიქმნა რამდენიმე დიდი ფეისბუკჯგუფი, სადაც პაციენტებს ექიმები ონლაინ კონსულტაციებითა და სხვა რჩევებით ეხმარებიან.
მოხალისეებმა არც მიუსაფარი ცხოველები დატოვეს უყურადღებოდ. 2020 წელს ათეულობით ადამიანი საკუთარი სახსრებით ქუჩის ცხოველების კვებასა და გათბობაზე ზრუნავდა.
ონლაინ სწავლების სკოლებში შემოტანა
კორონავირუსმა განათლების სისტემაში დაჩქარებულად შემოიტანა ონლაინ სწავლების კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ნაწილს გაუჭირდა კომპიუტერისა და ახალი პროგრამების ათვისება და ექსპერტები ბევრ პრობლემას ხედავენ ბავშვებისთვისაც, ეს მაინც პროგრესული ცვლილება იყო, რომელიც განათლების სფეროს შეეხო.
იუნისეფის კვლევის მიხედვით, 50 400 ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს. მოხალისეებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების გააქტიურების მიზეზი ესეც გახდა. სხვა კერძო ინიციატივებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჩაერთეს” დახმარებით 2020 წელს
589 მოსწავლეს გადაეცა კომპიუტერი, ინტერნეტი და საგანმანათლებლო რესურსები.
1566 ყოველთვიური ონლაინშემომწირველი კი ზრუნავს იმაზე, რომ უფრო მეტს ჰქონდეს ინტერნეტი, კომპიუტერი და არ შეუწყდეთ ბავშვებს ინტერნეტით სწავლისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
ინტერნეტი სოფლის ამბულატორიებს
2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყო სოფლის კლინიკებისა და ამბულატორიების ინტერნეტით უზრუნველყოფა. ეს პროცესი იანვრის ბოლოს დასრულდება და 1000 სოფლის კლინიკის ექიმი ასევე მომარაგებული იქნება ყურსასმენებით და ვებკამერებით, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აუდიო–ვიდეოკონფერენციებში და ჩაატარონ ონლაინ კონსულტაციები კორონავირუსის შემთხვევების უკეთ სამართავად.
თბილისში გაჩნდა ალტერნატიული “მწვანე ტრანსპორტი”.
ველობილიკების სიგრძე 2-დან 17 კილომეტრამდე გაიზარდა. ამასთან ერთად პირველად გამოჩნდა ახალი ეკომეგობრული ტრანსპორტიც - ელექტროსკუტერები. უფრო პოპულარული გახდა ველოსიპედიც.
იპოდრომის ძველი ტერიტორია თბილისის ცენტრალური პარკი გახდება
თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომის ტერიტორია) 36 ჰექტარს მოიცავს. აქედან, 22 ჰექტარი ვაკე, 14 ჰექტარი კი ფერდობია. პარკი გათვლილი იქნება დღეში 11 000-მდე სტუმარზე.
საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე თბილისის მერმა განცხადა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია. ოპოზიცია კი ამტკიცებდა, რომ 2009 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ “ჟოკეი კლუბისგან” ეს ტერიტორია შეიძინა, მას წინა მფლობელისგან გადაეცა ამ ადგილას პარკის გაშენების ვალდებულება და ის, რასაც საჩუქარს არქმევს ხელისუფლება და ფონდი “ქართუ”, რეალურად მათი ვალდებულების წლების დაგვიანებით შესრულების მცდელობაა.
კარგი ამბავი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ სავარაუდოდ 2-3 წელში კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერიტორია დარჩება თბილისის ცენტრში.
გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2020-ის პირველ სასწავლო წელს 246 სტუდენტი მიიღო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე. სტუდენტები სწავლობენ მენეჯმენტს, მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს.
ქალებმა სპორტშიც მიაღწიეს წარმატებებს
მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასზე ჩემპიონი გახდა. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ კი გახდა საქართველოს პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა, ორი ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი.
ქართული ფილმები “სან სებასტიანსა” და “სანდენსზე”
ქართულ-ფრანგულმა ფილმმა “დასაწყისი” სან სებასტიანის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“, მოიპოვა. მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.
რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი საუკეთესო სცენარის (რატი ონელი, დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა.
სწორედ “დასაწყისი” წარდგება საქართველოდან კანის 2021 წლის კინოფესტივალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფილმი მთავარ სექციაში მოხვდა.
2020 წელის კიდევ ერთი ქარული ფილმი მოხვდა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფორუმზე. სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” სანდენსის 2021 წლის საკონკურსო პროგრამაშია.
პირველი კინოთეატრი ღია ცის ქვეშ
პანდემიის გამო დახურული კინოთეატრები 2020 წლის ცუდი ამბების ნუსხაში ხვდება, თუმცა სწორედ ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიების შედეგად წელს თბილისში პირველი კინოთეატრი გაიხსნა ღია ცის ქვეშ. ზაფხულში იპოდრომის ტერიტორიაზე ფილმების ნახვა მანქანიდან შეიძლებოდა.
პლანეტების “დიდი შეერთება”
კარგი თუ არა, იშვიათი და საინტერესო მოვლენა იყო მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტის, იუპიტერისა და სატურნის, "დიდი შეერთება". მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უსწორდება, დაახლოებით, 20 წელიწადში ერთხელ, ასე ახლოს 400 წლის მანძილზე არასდროს ყოფილან, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს (NASA) ინფორმაციით კი, დაახლოებით, 800 წელია გასული მას შემდეგ, რაც ორი პლანეტის „დიდი შეერთება“ ღამით მოხდა. ამასთან, კულმინაცია დაემთხვა წლის ყველაზე გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს.
ამ მოვლენამ ქართველებს გაახსენა “ვეფხისტყაოსანი”, სადაც ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის შეხვედრა ასეა აღწერილი:
"ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცნეს და ცრემლნი ღვარნეს, ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს”. ლექსიკონის მიხედვით კი, მუშთარი იუპიტერს, ზუალი კი სატურნს ნიშნავს