Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ტოვებს და უბრუნდება ვასილ მშვენიერაძე მაღალ სასამართლო თანამდებობებს 


თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა.

გადაწყვეტილება 29 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ვასილ მშვენიერაძეს ამ თანამდებობაზე მხარი საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა, თუმცა საქმე ისაა, რომ მისთვის ეს თანამდებობა ახალი არ არის.

მეორედ თანამდებობაზე, ერთწლიანი ინტერვალით

ვასილ მშვენიერაძე
ვასილ მშვენიერაძე

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ერთხელ უკვე იყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იგი ამ თანამდებობაზე პირველად 2017 წლის 3 ივლისს დანიშნა, თუცა მან პოსტი ვადაზე ადრე, 2019 წელს დატოვა. ამას მის მიერ მაღალი თანამდებობებიდან წასვლის მთელი კასკადი მოჰყვა. ვასილ მშვენიერაძემ ვადაზე ადრე ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. არც ერთ ამ თანამდებობაზე მან კანონით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა არ დაასრულა.

თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოებია მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ინსტანციურად, ასევე საქმეების დიდი მოცულობით.

წაიკითხეთ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძის ბიოგრაფია

რატომ ტოვებდა დაკავებულ თანამდებობებს ვასილ მშვენიერაძე?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობის და მისი გავლენის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულებად სანდო პირების მიერ დაკავებული თანამდებობების ხშირი ცვლა მიაჩნია. ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მშვენიერაძე უკან, საქალაქო სასამართლოში იმიტომ დააბრუნეს, რომ სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო მეთოფიშვილი შეეცვალათ:

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

„როგორც ჩანს, მეთოფიშვილის დატოვება ხუთი წლით, ეუხერხულათ, თუ კლანს რამე შეიძლება ეუხერხულებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტორიც იყო იმდენად ოდიოზური ფიგურაა თვითონ მეთოფიშვილი“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, ვასილ მშვენიერაძის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება სწორედ კლანს დასჭირდა:

„კლანი არის ადამიანების ის დაჯგუფება, რომელსაც ჩინჩალაძე ენდობა 100 პროცენტით. ანუ მშვენიერაძე არის ის კატეგორია, რომელსაც დავალების მიცემაც კი არ სჭირდება, ისე შეასრულებს ჩინჩალაძის დავალებებს, ჩინჩალაძის სურვილებს. იქაც ჰყავს სანდო ხალხი, მაგრამ ამაზე სანდო მაინც არავინ არ ჰყავს.

თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში მას ეკავა მაღალი თანამდებობები და დატოვა ყველა ვადაზე ადრე. იმიტომ რომ კლანი ასეთი მოქმედებებით, მანიპულირებებით აღწევს თავის მიზნებს და შედეგებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილმა.

როტაცია და მისი მიზეზები სასამართლო სისტემაში

„როტაციის ბევრი მიზეზი არსებობს. არის სიტუაციები, როდესაც უბრალოდ კონკრეტულ ადამიანს მოსამართლეს სურს რეგიონში რაღაც სასამართლოში გადასვლა ან თბილისში გადმოსვლა და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად მაინც როტაციას იწვევს თანამდებობების ცვლილება, მაგალითად დაწინაურება საბჭოში, დაწინაურება უზენაეს სასამართლოში. პირველი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში გადაყვანა და როდესაც ნდობით აღჭურვილი პირები სჭირდებათ ხოლმე… აქ ყოველთვის ჩინჩალაძის უახლოესი ხალხია“, - ამბობს გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი.

გია გვილავა
გია გვილავა

მისთვის უცნობია ის არგუმენტი, რომლითაც ვასილ მშვენიერაძე ძველ თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა იხსენებს რა თქვა ვასილ მშვენიერაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამწესებამდე:

„ერთ-ერთ არგუმენტად მან ახსენა, რომ მისი მეუღლე იცავდა დისერტაციას რეგიონებზე და საინტერესოა მისთვის რომ იყოს რეგიონში სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ცოტა უცნაური დასაბუთებაა მისი მხრიდან“, - იხსენებს გია გვილავა.

გია გვილავა ვასილ მშვენიერაძეს სასამართლო კლანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წევრად სწორედ იმ მაღალი თანამდებობების გამო მიიჩნევს, რომელსაც იგი იკავებდა. გია გვილავას განმარტებით, ვასილ მშვენიერაძის ურთიერთობა კლანის ლიდერთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან იწყება 2006-2007 წლებში, როდესაც მშვენიერაძე მცხეთის პროკურატურის პროკურორად მუშაობდა, საოლქო პროკურორი კი მიხეილ ჩინჩალაძე იყო.

ამჯერად რამდენ ხანს?

სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის მაია მეცხვარიშვილის ყურადღების ცენტრში ვასილ მშვენიერაძის კარიერა მას შემდეგ მოექცა, რაც "მონიტორმა" მუშაობა დაიწყო ფილმზე „ჩინჩალაძის კლანი.“

მაია მეცხვარიშვილი
მაია მეცხვარიშვილი

„ჩვენ შევისწავლეთ ამ კლანის მართვის სტილი, ძირითადად ამ კლანში შედიან სასამართლოების თავმჯდომარეები, რომლებიც თავიანთი ბერკეტებით უკვე კარგად ახერხებენ მოსამართლეთა კორპუსის კონტროლს. ამიტომაც ამ მენეჯერულ თანამდებობებზე, როგორც წესი, სწორედ ნდობით აღჭურვილი პირები არიან ხოლმე. და რაც შეეხება ბატონი ვასილის ასეთ როტაციას, ხან სად და ხან სად, ესეც განპირობებულია, ჩემი აზრით, სწორედ იმით, რომ სადაც სჭირდებათ, ასე რომ ვთქვათ, სანდო კადრი, იმ კონკრეტულ სიტუაციაში სადაც პატარა ხანძარია ჩასაქრობი, კონკრეტული კლანური გადაწყვეტილებებია მისაღები, იქ ხვდება ხოლმე და ალბათ ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა. მაია მეცხვარიშვილი ვარაუდობს, რომ ვასილ მშვენიერაძე თანამდებობაზე ამჯერადაც მცირე ხნით დარჩება და მისი კარიერა სწორედ ისე განვითარდება, როგორც ამას “კლანი გადაწყვეტს”.

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 30 დეკემბრიდან შეუდგა. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებას არ მიეცა მასთან გასაუბრების საშუალება, კომენტარებისგან თავი შეიკავეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც.

XS
SM
MD
LG