Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ხელფასი მოითხოვა


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ხელფასის მოთხოვნით მიმართა. კობახიძეს არ დაუსახელებია დეპუტატების გვარები, თუმცა მათი ვინაობა გააჟღერა ტელეკომპანია "იმედმა". არხის ინფორმაციით, ესენი არიან: ბაჩუკი ქარდავა ("ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია"), ტარიელ ნაკაიძე ("ევროპული საქართველო") და ავთანდილ ენუქიძე ("პატრიოტთა ალიანსი").

"ეს ძალიან კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებს შორის არის შემოსვლის მზადყოფნა", - თქვა კობახიძემ.

ბაჩუკი ქარდავა "ფეისბუკზე" წერს, რომ ხელფასის მოთხოვნის შესახებ მისთვის მედიასაშუალებიდან გახდა ცნობილი.

"პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, თუ ის ჩემს ხელთ აღმოჩნდება, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის, აუცილებლად ამ ფულით შევიძენ ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!" - აცხადებს ქარდავა.

ხელფასების აღების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა.

"ნამდვილად, ჩემო ირაკლი. დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ეს თანხა ისევ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას მოხმარდეს. ასე რომ, რაც უფრო დიდად გაწელავთ ოპოზიციის განცხადებების არდაკმაყოფილებას, მით მეტი თანხა გამოიყენება თქვენთან საბრძოლველად", - წერს ის "ფეისბუკში".

ტარიელ ნაკაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მას პარლამენტისთვის ხელფასის მოთხოვნით არ მიუმართავს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოდან საბანკო რეკვიზიტები მოსთხოვეს და მანაც გააგზავნა. ის აღნიშნავს, რომ მიღებული თანხა იმ ორგანიზაციას გადაუგზავნა, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პარლამენტთან ყოველდღიურად აპროტესტებს.

ცნობილია, რომ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმას არ აპირებს "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესული დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე.

XS
SM
MD
LG