„გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოძველებულია ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის სტანდარტული გზები და საჭიროა მისი განახლება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მოსაფიქრებელია, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე:
„მოძველებული სტანდარტული პოლიტიკური ბრძოლის გზები, რომ შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და მიტინგი მოვაწყოთ და მერე დავიშალოთ, ეს არ მუშაობს. შექმნილ რეალობაში ეს, მგონია, რომ მეტიც, შეიძლება საფრთხის შემცველიც იყოს. იმიტომ რომ გაზაფხულზე ერთი-ორი ეგეთი მიტინგი, სადაც ადამიანებს აღაგზნებ და ეტყვი, რომ ეხლა რაღაცას ვცვლი და მერე არაფერი არ შეიცვლება, ამან ადამიანები შეიძლება კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმში გადააგდოს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. იგი ამბობს, რომ მეგობრებთან ერთად აპირებს პოლიტიკური ბრძოლის ახალი გზების და ფორმების მოფიქრებას იმისთვის, რათა ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მივიდეს და ივანიშვილმა ძალაუფლება დათმოს:
„თუ ივანიშვილმა ძალაუფლება არ დათმო, მაშინ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, რაც კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ კრიზისზე და მაშინ 2021 წელი, ეჭვი მაქვს, რომ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2020 წელი იყო“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ „დილის საუბრებში“.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზეზით ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. არჩევნებში დეპუტატის მანდატები სულ 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობას ერთპარტიულ რეჟიმში მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნება“ განაგრძობს.