Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მძლავრი ცენტრის ჩამოყალიბება


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის თავისივე მსგავსი ღირებულებების მქონე პარტიებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ორპოლუსიანი სისტემის დასანგრევად შექმნას ახალი ცენტრი, იგივე მესამე ცენტრი ან მიზიდულობის ცენტრი, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ორპოლუსიანი სისტემა და ნეგატივზე აწყობილი კამპანიები „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს:

„ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანაა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თუ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აქტიურ პოლიტიკაში აპირებს ან ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა ვისაც მიიღოს მონაწილეობა, არის სწორედ კონსოლიდაცია, მეტი გაერთიანება, მეტი სინერგიის მოძებნა და საერთო პლატფორმებით გამოსვლა შემდეგ არჩევნებზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა გარკვეულწილად გამოკვეთა ის პოლიტიკური ძალებიც, რომელთაც შეუძლიათ საერთო ჯამში ერთიანი ძალისხმევით ჩამოაყალიბონ მესამე ცენტრი:

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მძლავრი 20-დან 30 პროცენტამდე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად დაიწყებს ხალხთან საუბარს და რომლის იმედიც გაუჩნდება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია ქვეყანა წინ წაიყვანოს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ „დილის საუბრებში“.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზეზით ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. არჩევნებში დეპუტატის მანდატები სულ 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მმართველი "ქართული ოცნება" განაგრძობს.

XS
SM
MD
LG