Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: წარმატებას ვუსურვებ ელენე ხოშტარიას და ვფიქრობ, მიზანი საერთო გვაქვს


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ელენე ხოშტარიას წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ იგი იყო და რჩება გუნდის წევრად. დავით ბაქრაძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა არავისთვის ყოფილა სიურპრიზი, რადგან მისი განზრახვის შესახებ პარტიის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი. დავით ბაქრაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება უთანხმოებას:

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ვიცოდით, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის, ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ იგი ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე. მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, რა შედეგითაც ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა და სიურპრიზი არ ყოფილა. ეს არის ის, რაც წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მან ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ბევრი „ბინძური ჭორი“ მოჰყვა და არც ერთი არ არის დასაჯერებელი:

„ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ახლავე ვუპასუხო, რომ ეს არაფერი ასე არ არის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, პარტიაში დრამატული არაფერი ხდება და ელენე ხოშტარიას წასვლა არ უნდა შეფასდეს, როგორც პარტიიდან გადინების პროცესი.

ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.

ელენე ხოშტარია ზედიზედ 2 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა. მას შემდეგ კი, რაც პარტია დაიშალა, "ევროპულ საქართველოში" გადავიდა. სწორედ ამ პარტიის სიით გახდა ის მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მისი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და უარს ამბობს მანდატზე.

პარლამენტის დეპუტატობის პარალელურად ელენე ხოშტარია აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში. ის 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებმა ვაკეში საერთო მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს.

XS
SM
MD
LG