ამერიკელი სამართალდამცავების ინფორმაციით, დნმ-ის ანალიზით და სხვა მტკიცებულებებით ამოცნობილია პირი, რომელმაც ქალაქ ნეშვილში აფეთქება მოაწყო. 63 წლის ენტონი უორნერი აფეთქების დროს დაიღუპა. პოლიციის ცნობით, უორნერი მარტო მოქმედებდა. მისი მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე აფეთქება 25 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ფურგონიანი ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.
ნეშვილის პოლიციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ქუჩის ვიდეომეთვალყურეობის კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც აფეთქების მომენტს ასახავს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ათეულობით შენობა და ახლომდებარე საავადმყოფოს და პოლიციის განყოფილების საკომუნიკაციო სისტემები.