Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მზად არის, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით აიცრება, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 დეკემბერს განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„მან მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე და ელოდება, ყველა ფორმალობა როდის დასრულდება“, - მოჰყავს სააგენტო „როიტერსს“ პესკოვის სიტყვები.

რუსეთში დეკემბრიდან დაიწყო რუსული წარმოების პრეპარატ „სპუტინიკ V“-ით იმუნიზაციის ნებაყოფლობითი კამპანია, პირველ რიგში ხანდაზმული მოქალაქეების აცრით.

მოსკოვის მერის, იური სობიანინის განცხადებით, კვირიდან მოსკოვში დაიწყება ნებაყოფლობითი ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.


68 წლის პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული წარმოების ვაქცინა არის ეფექტიანი და უსაფრთხო და დასძინა, რომ ვერ ხედავს ვერავითარ მიზეზს, რომ არ ჩაიტაროს აცრა, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება.

რუსეთში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მინიმუმამდე შეამცირა საჯარო შეხვედრები და ძირითადად დისტანციურად, ვიდეოხაზის საშუალებით მართავს თათბირებს.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაში.

XS
SM
MD
LG