Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პუტინმა უარი თქვა ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაზე

პუტინმა უარი თქვა ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაში. ამის შესახებ მედიას აცნობა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, მაგრამ მიზეზის დაუსახელებლად.

მანამდე გაუქმდა ასევე ყოველწლიური პირდაპირი ხაზი პრეზიდენტის მონაწილეობით.

ვლადიმირ პუტინი ბიზნესმენებს ჩვეულებისამებრ ხვდება ახალი წლის წინა დღეებში.

2019 წელს კრემლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მილიარდერი მიხაილ გუცდერიევი, მიხაილ პროხოროვი, მიხაილ ფრიდმანი, ვლადიმირ პოტანინი, გენადი ტიმჩენკო და კომპანია „როსნეფტის“ თავმჯდომარე, იგორ სეჩინი.


ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს პუტინი, ტრადიციულად, განიხილავს ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას. თუმცა, შარშანდელი შეხვედრის დროს, ჟურნალ „ფორბსის“ წყაროს ცნობით, პუტინმა ყველა გააოცა „მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მასალების შესახებ“ ვრცელი მონოლოგით.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ყველა რუსმა მოხელემ და ოფიციალურმა პირმა, პუტინთან შეხვედრამდე, უნდა გაიაროს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი. ეს წესი ვრცელდება მინისტრთა კაბინეტის წევრებზეც.

თავად 68 წლის პუტინს, ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ არ გადაუტანია კორონავირუსი და არც აცრა ჩაუტარებია. პუტინმა უარი თქვა რუსული ვაქცინა „სპუტინიკ V“-ის გაკეთებაზე და განაცხადა, რომ არ არის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი.

ამ განცხადებიდან მალევე, რუსული წარმოების ვაქცინის გამოყენება 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვისაც დაიწყეს.

XS
SM
MD
LG