Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საბანკო ბარათ "აფრას" საკითხს საგარეო უწყება ეხმაურება


საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ბანკების მიერ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების საკითხს. მისი განცხადებით, სინამდვილეში, ბარათი „აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ამ ინფორმაციას „ადასტურებენ თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით".

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზური პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება. „ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა IS BANK-მა და ZIRAAT BANK-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების - APRA WORLD-ის მომსახურება დაიწყეს".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გაიხსენა მისი საქმიანობის დროს მიღებული ზომები.

„როგორც კი რუსეთის VTB ბანკმა გადაწყვიტა სოხუმში საკუთარი ბანკომატის გახსნა, დავურეკე მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას და გავაფრთხილე, რომ ამას მოჰყვებოდა თბილისში მათი ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. მას შემდეგ გავიდა 14 წელიწადი და აფხაზეთში ამ ბანკის ჭაჭანებაც არაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული „იშბანკი” და „ზირაათბანკი”( ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის ბანკებიც.

სძინავს ეროვნულ ბანკს. როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს (შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა.

სამწუხაროდ, ეს საქმე მიუშვიათ ძალიან", - წერს გოცირიძე „ფეისბუკზე".

XS
SM
MD
LG