დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან გავრცელებულმა ცნობებმა კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები, შტამის გამოჩენის შესახებ მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ უცნობია, თუ რამდენად სახიფათოა ვირუსის ახალი ვარიანტი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ვაქცინების ეფექტიანობაზე იმოქმედოს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70 %-ით უფრო გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიში იყოს ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევდეს.
კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი - მეოთხე - დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, ისრაელმა, კანადამ, ავსტრალიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და ჩილემ.
აი, რა ვიცით დღეს შექმნილი ვითარების შესახებ:
რატომაა ყურადსაღები ინგლისში აღმოჩენილი შტამი
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, როგორც ჩანს, უფრო ადვილად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სიცოცხლისთვის უფრო საშიში იყოს.
პატრიკ ველენსი, ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, ამბობს, რომ შტამი „სწრაფად ვრცელდება და დომინანტური ვარიანტი ხდება“ - მასზე მოდის ლონდონში დეკემბრის თვეში დაფიქსირებული კორონავირუსის ინფექციის 60 პროცენტი.
ახალი შტამი იმითაცაა ყურადსაღები, რომ მას ბევრი - ოცამდე - მუტაცია ახლავს თან. ამასთან, ზოგი მუტაცია წვეტიან ცილას შეეხება, რომელსაც ვირუსი უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. ამჟამინდელი ვაქცინები სწორედ ამ წვეტ-ცილას იღებს სამიზნეში.
„ამაზე ნამდვილად ვღელავ“, თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ეს ახალი შტამი, - თქვა დოქტორმა რავი გუპტამ, რომელიც ინგლისის კემბრიჯის უნივერსიტეტში ვირუსებს შეისწავლის.
როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები
ვირუსები ხშირად მცირედით ცვლიან ერთ ან ორ ასოს თავიანთ გენეტიკურ ანბანში - ეს ევოლუციის ნორმალური ნაწილია. მცირედით სახეცვლილი ვერსია შეიძლება სხვებზე მეტად გავრცელდეს ერთ კონკრეტულ ქვეყანასა ან რეგიონში - ან იმიტომ, რომ პირველმა მოიკიდა იქ ფეხი, ანდა იმიტომ, რომ მის გავრცელებას რაიმე მრავალრიცხოვანმა შეკრებამ შეუწყო ხელი.
უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ვირუსი, მუტაციის შედეგად, ცვლის თავის ზედაპირზე არსებულ ცილებს, რათა თავი დაიცვას წამლებისა ან იმუნური სისტემისგან.
ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი შესაძლოა სწორედ მსგავს პროცესს გადიოდეს. ტრევორ ბედფორდმა, ბიოლოგმა და გენეტიკის ექსპერტმა, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ჩნდება და ვრცელდება ვირუსის რამდენიმე ვარიანტი“, რომლებიც სწორედ ამაზე მიგვანიშნებენ და შესაძლოა ეწინააღმდეგებოდნენ ანტისხეულებით მკურნალობას.
კიდევ რა შტამები არსებობს
შვედმა მკვლევარებმა აპრილში აღმოაჩინეს ვირუსი, რომლის ორი გენეტიკური მუტაციაც მას, დაახლოებით, ორჯერ უფრო გადამდებს ხდიდა. სულ მსოფლიოში მისი გავრცელების 6 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი - ძირითადად დანიასა და ინგლისში.
ამ შტამის რამდენიმე ვარიაციაა გამოვლენილი. ზოგს, როგორც ჩანს, ვირუსი დანიის წაულის ფერმებიდან გადაედო. გამოჩნდა სამხრეთაფრიკული შტამიც, რომელმაც უკვე სულ მცირე ორჯერ იცვალა სახე.
ბრიტანულ შტამს, რომელიც პირველად სექტემბერში გამოჩნდა, ამ ორის გარდა კიდევ რამდენიმე მუტაცია აქვს განცდილი, მათ შორის 8 - წვეტ-ცილაში, - თქვა რავი გუპტამ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვარიანტი, ჯერ უცნობია - მას ახლაც იკვლევენ.
შეუშლის თუ არა ეს შტამი ხელს ვაქცინებს
სავრაუდოდ, არა, - უთხრა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის ყოფილმა კომისარმა სკოტ გოტლიბმა ტელეკომპანია CBS-ს.
გუპტაც ამავე აზრზეა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემაში ფართო მოქმედების საპასუხო რეაქციას იწვევს, რომელიც მხოლოდ წვეტი ცილით არ შემოიფარგლება.
მონსეფ სლაუიმ, აშშ-ის ვაქცინების გავრცელების უწყების მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, CNN-ს უთხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირუსის ახალი შტამი არსებული ვაქცინების წინააღმდეგ რეზისტენტული აღმოჩნდეს, თუმცა ეს გამორიცხული არ არისო.
ტრევორ ბედფორდიც ამასვე ამბობს. „ვაქცინისგან თავის დასაცავად ვირუსის გენეტიკურმა კოდმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განიცადოს - მხოლოდ რამდენიმე მუტაცია საკმარისი არ არის. თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს ვაქცინის დახვეწა, ვირუსის მიერ განცდილი ცვლილებების გათვალისწინებით. ამისათვის კი აუცილებელია ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი“, - დაწერა მან “ტვიტერზე”.