არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმის გამო მოსალოდნელი სანქციები აღიქმება როგორც მუქარა, იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ სანქციების მსხვერპლნი.
განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დგას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.
„არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ - მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი, რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.
აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.
ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიების სანქციების შესახებ განცხადებები ასეთ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას კრიზისების გადაჭრის პროცესში:
"აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).
მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი”, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.
ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.