Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობალაძე-ხუსკივაძე: ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას მოგვიხადოს ბოდიში


აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში
აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში

15 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კობალაძე-ხუსკივაძის საქმის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე, ბრალდებულებმა და ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს და „ქართული ოცნება“ მათ წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილი საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატი, ბექა ბასილაია, „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა დავითულიანისა და გიორგი ხელაშვილის გამოკითხვას ითხოვს:

„ამ ადამიანებმა, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, ჯერ კიდევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვამდე, პირდაპირი დავალება მისცეს საგამოძიებო უწყებებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე დაეჭირათ. ამ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებაა ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც სამარცხვინო და უსინდისო ტყუილია, რომ თითქოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს მკვლელობა აქვთ ჩადენილი. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ კობალაძისა და ხუსკივაძის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცლის ხელყოფასთან. უფრო მეტიც, საქმეში დევს პროკურორის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე გამოყოფილია“.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი, ოჯახის წევრებმა 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. იმავე დღეს გამოძიებამ მისი მეგობრები, აკაკი ხუსკივაძე, ცესკო-ს სწავლების ყოფილ სპეციალისტი და აკაკი კობალაძე, პოლიტოლოგ, 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი დააკავა. გამოძიება მათ ქრთამის შეთავაზებას, იძულებასა და მუქარას ედავება. აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ბრალდებას არ ეთანხმებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას“.

10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა.

15 დეკემბერს, წინასასამართლო სხდომაზე მისული აკაკი ხუსკივაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ და ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულ პირებს შეეხებოდა და რომლებიც დავით გარეჯის „გაყიდვასა“ და კომისიის თავმჯდომარის „მკვლელობაში“ დაადანაშაულა:

„ქართული ოცნების“ სპიკერატმა პირველივე დღიდან გვიწოდა დასაჭერები. ახლა უკვე ირაკლი კობახიძის განცხადება. არ ვიცი, ეს განცხადება რას ემსახურება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამის საშუალებას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოს“.

საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, აკაკი კობალაძე ამბობს, რომ მათი საქმე მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, როდესაც ხელისუფლების პირები მათ ბოდიშს მოუხდიან:

„ისინი დღესაც კი ბინძურ კამპანიას ეწევიან ჩვენს წინააღმდეგ და გვაბრალებენ იმას, რასაც გამოძიება არ გვედავება. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. გავასაჩივრებთ საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციაში და თუკი აქ არ ვერ ვიპოვით სამართალს, შემდეგ იძულებულს გავხდით ამ ხელისუფლებას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლომ აიძულოს რომ ბოდიში მოიხადონ“.

15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითზე. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ადვოკატები ითხოვენ საქმიდან იქნას ამოღებული ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმის ჩვენება:

"მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ბევრი ჩვენებაა ჩადებული, ჩვენ ვითხოვთ სამი ჩვენების ამოღებას. სამივე ჩვენება ირიბი ხასიათისაა, ანუ მათი წყაროსთან გადამოწმება შეუძლებელია, რადგან პირველწყარო გარდაცვლილია. დაცვის მხარეს არავითარი ნდობა პროკურატურის მიმართ არ გააჩნია. მათ შორის, ამ მოწმეების სანდოობა დგას ეჭვის ქვეშ, ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ჩვენებები იყოს დაუშვებლად ცნობილი და ამოირიცხოს საქმიდან. გარდა ამისა, ვითხოვთ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ჩატარებული უკანონო ჩხრეკის ოქმის საქმიდან ამოღებასაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე ჩვენს შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს".

შოთა თუთბერიძის განცხადებითვე, დაცვის მხარე უკვე აგროვებს ყველა დოკუმენტსა და მტკიცებულებას, რომელსაც ისინი სამომავლოდ ევროსასამართლოში წარადგენენ. მისი სიტყვებით, საქმეში აუცილებლად შევა ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლის ცილისმწამებლური განცხადებები, რომლებსაც ისინი ბრალდებულების დისკრედიტაციის მიზნით ღია ტრიბუნებიდან ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG