Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი კობალაძე: რა ეგონათ, რომ რაკი გირაოთი გამოგვიშვეს, გავჩუმდებოდით?


მიმართავენ თუ არა სასამართლოს აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებული პირები და ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში ცილისწამებისათვის სარჩელის შეტანის შესახებ კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა“, - ეს კომენტარი ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, რომელიც მან 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, დამნაშავეებად აცხადებს ე.წ. კარტოგრაფების საქმესა და ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ პირებს, რომელთა სასამართლო პროცესები ჯერ ისევ მიმდინარეობს, ისინი სასამართლოს დამნაშავეებად არ უცვნია და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, ამ პირების, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ერთ-ერთი მთავარი პირობაა სხვა ორ პირობას, არჩევნების ხელახალ გამართვასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასთან ერთად.

მეტიც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილი საქმეზე ბრალდებულ აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს, ბრალი ედებათ არა მის „მკვლელობასა“ თუ „თვითმკვლელობამდე მიყვანაში“, არამედ მათი ბრალი გულისხმობს ჯგუფურად განხორციელებულ იძულებას, მუქარასა და ქრთამის მიცემას.

შოთა თუთბერიძე, აკაკი კობალაძის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „პოლიტიკური სარჩულით შეკერილ საქმეზე“ მმართველი გუნდი კვლავ წარმატებით აგრძელებს პროპაგანდისტული და ცილისმწამებლური განცხადებების კასკადს, რაც მისი თქმით, სამომავლოდ აუცილებლად დაედება საფუძვლად სტრასბურგში გაგზავნილ საქმეს:

„ჩვენ პირველივე დღიდან ვაგროვებთ მტკიცებულებებს ევროსასამართლოსთვის და ყოველი ამ ტიპის განცხადება, რომელიც კობალაძე-ხუსკივაძის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, გამოყენებული იქნება ჩვენს სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდა ეროვნული მექანიზმები, საქმე გადაინაცვლეს სტრასბურგში. ამ ეტაპზე, რისი პროგნოზიც შემიძლია გავაკეთო, პირველი რიგში, ეს იქნება სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ. თუმცა, ამას შესაძლოა დაემატოს რამდენიმე თანმდევი სარჩელიც, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებას, რომელიც სრულად ცილისმწამებლურია, მის შესახებ აუცილებლად ვიმსჯელებთ. ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება გავასაჩივროთ სასამართლოში. პირდაპირ უნდა ითქვას, სამართლებრივი თვალსაზრისით, ცოტა რთული იქნება ამ საჩივრის მომზადება, რადგან ის არის პოლიტიკოსი, მას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამგვარ უხეშ და უტიფარ სიცრუეზე წაყრუება არ შეიძლება. მით უმეტეს, ის არის საჯარო ფიგურა, პოლიტიკოსი, რომელსაც პასუხისმგებლობები აკისრია და ამდენი ადამიანი უსმენს“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს 10 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, სასამართლო დარბაზიდან 10 ათას-10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და დაკავებულების გათავისუფლებას ოპოზიციის ბოიკოტის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევდნენ. მათვე თქმით, როგორც დაკავება, ისე გათავისუფლება, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება:"ამ ვაჭრობით ხელისუფლება ფიქრობდა, რომ გავლენას მოახდენდა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლასთან დაკავშირებით", - ამბობდა ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.

არც ბრალდებულები და არც ადვოკატები სასამართლო სხდომის ამგვარ დასასრულს არ ელოდნენ. სხდომა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო ჯერ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, თუმცა, რამდენიმე საათში, ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში გაგრძელდა, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა, რომელიც, შეფერხებებითა და შესვენებებით, ჯამში თითქმის 10 საათს გაგრძელდა და პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებით დასრულდა.

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს, რომლებსაც გამოძიება ბავშვობის მეგობრის მიმართ განხორციელებულ მუქარას, ჯგუფურ ძალადობასა და ქრთამის შეთავაზებას ედავება, დღესაც მტკიცედ სჯერათ, რომ ხელისუფლებამ მათ 6 ნოემბერს, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები არ აპატია, როდესაც ისინი არჩევნების გაყალბების სქემებზე პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდნენ. კობალაძე და ხუსკივაძე დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიებამ სწორედ ხელისუფლების დაკვეთით დაუკავშირა მათ 7 ნოემბერს გარდაცვლილი თედორე გობეჯიშვილის საქმე.

4 დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი კობალაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამჯერად ხელისუფლებამ მას პოლიტპატიმრის სტატუსი პოლიტიკური მძევლის სტატუსით შეუცვალა, თუმცა, იმ პრინციპების დათმობას, რისთვისაც დააკავეს, არ აპირებს:

„არ გაუმართლდება ხელისუფლებას მოლოდინი, აგერ ორი ბარტყი ხომ გადავუგდეთ მელაკუდასო. მეც და ხუსკივაძეც ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ. ჩვენ ციხის არ გევშინია. ჩვენ არც კი ველოდით, რომ გაგვათავისუფლებდნენ. შეგუებულები ვიყავით იმას, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ, რადგან პირველ რიგში, გაყალბებულია ხალხის ნება, დემოკრატიის მთავარი ღირებულება და შეუძლებელია ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი შეეგუოს. რა ეგონათ მათ, რომ რაკი გირაოთი გამოგვიშვეს, გავჩუმდებოდით და ხმას აღარ ამოვიღებდით იმაზე, თუ რა უსამართლობა ხდება ქვეყანაში? არ ვმსხდარვართ ჩვენ იმისთვის ციხეში, რომ ვიღაცამ ბრალდება შეგვითითხნა, დაგვიჭირა, გამოგვიშვა და ახლა მადლობა უნდა გადავუხადოთ. ვის უნდა ვუთხრა მადლობა? რატომ დაგვიჭირეს და რატომ შეთხზეს ეს არარსებული ბრალდება? პროკურატურამაც კი ვერ დაგვაბრალა, რომ თედორეს გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი შეიძლებოდა გვქონოდა. ერთადერთი კობახიძე და „ოცნების“ სპიკერატი იმეორებენ ამას, იმიტომ, რომ ხალხს თავგზა აუბნიონ. გესმით ეს რას ნიშნავს? „ოცნება“ გვედავება მეგობრის მკვლელობას. ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ანალოგიურს იმეორებენ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ("კარტოგრაფების საქმე") შემთხვევაშიც. ანალოგიურად მოქმედებენ გიორგი რურუასთან მიმართებითაც“.

აკაკი კობალაძის სიტყვებით, იქიდან გამომდინარე, რომ სცენარი ხელისუფლების დაწერილია, ბრძოლა არ იქნება ადვილი და მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის ქრონოლოგიაც, რა ქრონოლოგიითაც განვითარდა მოვლენები თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების დღეს:

„როდესაც პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს, გამოკითხვის პროცესი დაიწყო ყველა სამართლებრივი ნორმისა და ჩარჩოს დაცვით. მეკითხებოდნენ, გული ხომ არ აწუხებდა თედოს, გულზე ხელს ხომ არ იკიდებდა, წინა ღამით ბევრი ხომ არ დალია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხომ არ უთქვამს ჩემთვის რამე და ა.შ. ისეთი კითხვები იყო, როგორი კითხვებიც უნდა დაუსვა იმ ადამიანს, რომელმაც გარდაცვლილი ბოლოს ნახა. მაგრამ ჩემი გამოკითხვის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა ბრიფინგი, სადაც პოლიტიკურმა სპიკერატმა დააანონსა ჩვენი დაკავება და გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვართ მკვლელები. სწორედ ამის შემდეგ იცვლება სიტუაცია და ყველაფერი დგება თავდაყირა. ასე დაანონსების პრინციპით განვითარდა პროცესები წინასწარი პატიმრობის შეფარდების სხდომის პარალელურადაც. როდესაც სახელისუფლებო მედიამ სასამართლო სხდომის დასრულებამდე ორი საათით ადრე გამოაცხადა, რომ ჩვენ უკვე შეგვეფარდა წინასწარი პატიმრობა“.

აკაკი კობალაძე ამბობს, რომ არც თედორე გობეჯიშვილის ოჯახს და არც მათ საერთო მეგობრებს, არანაირი კითხვის ნიშანი არ უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ის და აკაკი კობალაძე ამ საქმეში დამნაშავეები არიან:

„დღესაც, მეგობრებთან ერთად, თედორეს საფლავზე ვიყავი ასული. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. არავის მოსვლია თავში აზრად, რომ ვინმემ თავის მართლების პოზიციაში ჩამაყენოს. ყველამ კარგად იცის, ვინ ვიყავით და რა ვიყავით მე და თედორე ერთმანეთისთვის. ეს ბრალდება, რომ თითქოს მე და აკაკი თედოს ვემუქრებოდით, ვაშანტაჟებდით და ქრთამს ვთავაზობდით, ჩვენს საერთო მეგობრებს, თედოს ოჯახის წევრებს, მიცვალებულის აბუჩად აგდებად მიაჩნიათ. ჩვენს ურთიერთობაში რაიმე სახის ზეწოლასა და ანგარებაზე ყველანაირი ლაპარაკი წარმოუდგენელია. ეს არის ჩირქის მოდება იმ ადამიანზე, ვინც ცოცხალი აღარ არის და ვინც ვეღარაფერს იტყვის, რა იყო და როგორ“.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი, ოჯახის წევრებმა 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. იმავე დღეს გამოძიებამ მისი მეგობრები, აკაკი ხუსკივაძე, ცესკო-ს სწავლების ყოფილ სპეციალისტი და აკაკი კობალაძე, პოლიტოლოგ, 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას“.

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება, სადაც სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.

XS
SM
MD
LG