Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" "ISFED"-ს ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა


მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს", რომელიც წლებია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდება და პარალელური ხმის დათვლას ახორციელებს, სთხოვდა, მათთვის გადაეცა იმ უბნების შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე PVT მეთოდოლოგიით დაითვალეს ხმები. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა "სამართლიანმა არჩევნებმა", სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლების ამ მოთხოვნას მათი მხრიდან მკაცრი უარი მოჰყვა. ფაქტი შეხვედრისა და პარალელური ხმის დათვლის პროცესის მეთოდოლოგიაზე მსჯელობის შესახებ დაადასტურა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი, ერთპარტიული სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრა ონლაინ მოეწყო, დაახლოებით 2-3 კვირის წინ გაიმართა და მას "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, "ქართული ოცნების" მხრიდან კი პარტიის "სამი ახალი სახე" ესწრებოდა.

"ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოლოგია გავარჩიეთ მათთან ერთად", - ასე ახსნა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მიზეზი.

"ჩვენ დავინტერესდით მეთოდოლოგიით, იმიტომ რომ მინუსი ჯდება ყველა პარტიასთან მიმართებით. ქართული ოცნება იყო -2,4; ნაცმოძრაობა იყო - 0,8 და პროპორციულად აკლდებოდა.

თუ დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რა ტიპის ხარვეზი იყო, კონკრეტული ეჭვი გვაქვს, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ ყველა პარტიის მინუსი გახდება 0. PVT აჩვენებდა, რომ თითქოს ბარიერს ზემოთ ყველა პარტიამ წაართვა ხმები ბარიერს ქვემოთ დარჩენილ პარტიებს, რაც აბსურდია. რეალურად, მარტივი მეთოდოლოგიური შეცდომაა, ამით დავინტერესდით", - თქვა ირაკლი კობახიძემ 11 დეკემბერს.

ISFED-ის მიერ ჩატარებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებენ. ამ დღესვე ითქვა ის, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც 1 დღეში დაადგენდა, რომ წინასწარი შედეგები სრულ თანხვედრაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებთან.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამავე ბრიფინგზე ითქვა, რომ თუ ოფიციალურ შედეგებთან თუნდაც 1%-იანი სხვაობა აღმოჩნდება მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

"თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - ასეთი იყო ირაკლი კობახიძის 9 დეკემბრის განცხადება, რომელსაც "სამართლიანი არჩევნები" 10 დეკემბერს გამოეხმაურა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება შეაფასა, როგორც საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

''სამართლიანი არჩევნები'' მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.

''სამართლიანმა არჩევნებმა'' ჩაატარა ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, პარალელური ხმის დათვლის შედეგებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემებს შორის სხვაობის მაქსიმალური გავლენა 4%-იანი სხვაობა იქნებოდა საბოლოო შედეგებზე.

XS
SM
MD
LG