Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირაოთი გაათავისუფლეს ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები


აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე.
აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს. როგორც რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, გირაოს თანხა შეადგენს 10 000-10 000 ლარს.

გათავისუფლების შემდეგ აკაკი კობალაძემ თქვა: „გაკვირვებული ვარ. დილით სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჩვენი თანხმობის გარეშე, „ზუმ“-ის პროგრამით და ე.წ. ვიდეოთვალით. გათავისუფლება ერთი პროცენტით არ დამიშვია. ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაკავება იყო „მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები“ რომ არის, ზუსტად ასე, ჯერ ხდებოდა პოლიტიკოსების მიერ დაანონსება და შემდეგ ასრულებდნენ სამართალდამცავები. როდესაც წინასწარ პატიმრობა შემიფარდა, არსენ კალატოზიშვილი იყო მოსამართლე, წინასწარი პატიმრობა, ძალიან მოკლე პროცესია ხოლმე. 6 საათზე დაიწყო სასამართლოს სხდომა და „8-საათიანი“ იმედის ნიუსისთვის უკვე გამზადებული იყო, რომ ჩვენ შეგვეფარდებოდა წინასწარი პატიმრობა“.

აკაკი ხუსკივაძე ამბობს, რომ საქმე არის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე.

„შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რომ 6 ნოემბერს 19:00 საათზე მე და აკაკი კობალაძე გამოვედით „მთავარ არხზე“ სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, „ოცნებამ“ როგორ გააყალბა არჩევნები. აქედან 24 საათიც კი არ გასულა, ჩვენ უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე ვიყავით“, თქვა ხუსკივაძემ გათავისუფლების შემდეგ.

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. ისინი ბრალდებულები არიან ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის საქმეზე.

ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესში წარუდგინა, პირველ პუნქტში დაყენებულია აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლების მოთხოვნა.

„უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს“, - წერია ოპოზიციური პარტიების შეთავაზებების შემცველ დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG