პარლამენტში შესვლას არ აპირებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". როგორც პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ ოპოზიციას პირველებმა მოუწოდეს სიების გაბათილებისკენ. პარტია, ასევე, უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური, „პატრიოტთა ალიანსმა" პირველმა მოუწოდა პარტიებს, რომ სიები გაებათილებინათ. ჩვენ ყველას განცხადება წარვუდგინეთ ოპოზიციას, სიაში 132 ადამიანი გვყავს და ყველა მათგანის. ოპოზიციამ ეს ვერ გააკეთა. გრძელი წესი აირჩია ოპოზიციამ. ახლა სიები უნდა განულდეს, განცხადებები უნდა დაიწეროს. ოპოზიცია ცალკე მოქმედებს, ჩვენ ცალკე ვმოქმედებთ. ოპოზიციის მოქმედებები, რომ ჩვენსას ემსგავსება ეს ხელისუფლების არჩევანია და არა ჩვენი, მაგრამ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, მის მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობას და მანდატსაც დავტოვებთ", - გვითხრა გოჩა თევდორაძემ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსმა" ცესკო-ს მონაცემებით, აიღო 3.14 % (60 480 ხმა) და შესაბამისად, მათ მიიღეს პარლამენტის წევრის ოთხი მანდატი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ" 90 მანდატი მოიპოვა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს.
მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.