„მთავარი არხის" ეთერში პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაახასიათა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
„მაგ კაცს ვუსმენდი გუშინ, გულახდილად და არა პრესკონფერენციაზე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ კობახიძე. კობახიძე, როგორც ჩანს, რა როლს თამაშობს გარეთ... შიგნით იყო საქმიანი, მშვიდი, წყნარი", - თქვა ელისაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილმა დაამატა: „მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ არის ძაან მომზადებული, საქმიანი, ძაან კორექტული. ჩვეულებრივად ზის, მუშაობს. აქ რაღაც როლი.. როგორც ჩანს", - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.
ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.