Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში ერთპარტიულობას ხაზს გაუსვამს


გიგა ბოკერია, ალეკო ელისაშვილი
გიგა ბოკერია, ალეკო ელისაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, არამედ ხაზს გაუსვამს.

„მინდა გითხრათ, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ვიღაცის მიერ წესის ან პირობის დარღვევა ხაზგასმა ხდება თავად ამ ვითარების. ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს. ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებს ალეკო ელისაშვილისთვის არასდროს არაფერი დაუბრალებიათ და იგი საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად:

„აშკარა შთაბეჭდილებაა, რომ სამწუხაროდ საბაბს ეძებს. ჩვენ არასოდეს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია. ეს უბრალოდ სიცრუეა მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ეხლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და მერე იმისთვის ტალახი გვესროლა, ან იქამდე ან მერე, არამედ, პირიქით, სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც კი რასაც წარმოადგენს, ასეთი ადამიანიც კი, რახან ოპოზიციაში არის ფორმალურად მაინც, ჯერჯერობით მაინც აქ ყოფილიყო ერთიანობა. ამიტომ საერთოდ არ დავსხმივართ თავს და ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა არჩევნების საკითხზე "გაწიკწიკებული" დოკუმენტი შეიქმნას. ამავე ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მოლაპარაკებებზე საბოტაჟს გეგმავენ, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

გუშინ, 8 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ რამდენიმე საკითხი დააყენა, მათგან ხელისუფლება მხოლოდ ერთზე (საარჩევნო ცვლილებებზე) მსჯელობას გეგმავს. ამ დროის მონაცემებით, 11 დეკემბერს შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში, უცნობია.

XS
SM
MD
LG