პოლიტიკის ანალიტიკოსის, გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში გარდაუვალი გახდება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობა სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგი ერთად შევა ან არ შევა პარლამენტში. გია ხუხაშვილის აზრით, ორივე სცენარით კრიზისი გარდაუვალი იქნება.
„პირველი სცენარით შესვლის შემთხვევაში, მე ვემხრობი საპარლამენტო კომისიის შექმნის გზას, რომ შევიდნენ და თავისი პოლიტიკური წონით უზრუნველყონ ის, რომ პოლიტიკური კრიზისი განვითარდეს ამ მიმართულებით, და თუ ყველა გარეთ დარჩება და აქვთ ამის რესურსები, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, ესეც მიგვიყვანს უცილობლად იმ ტიპის კრიზისამდე, როდესაც გარდაუვალი გახდება რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ხელისუფლება იმყოფება და რომელთან გამკლავებაც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში გაუჭირდება:
„ხელისუფლებას მარტო ეს პრობლემა ხომ არა აქვს, მას აქვს ძალიან ბევრი სხვა გამოწვევები, რაც საჭიროებს მაღალ ლეგიტიმაციას, საზოგადოების მაღალ კონსოლიდაციას და როდესაც შენ ხარ მარტო და მთელი პასუხისმგებლობა შენ გაქვს, პრობლემებს ვერ წყვეტ. და ხარ აბსოლუტურად სტერილური და არა გაქვს კომუნიკაცია, ამ ვითარებაში ისინი ბუნებრივია ვერ იქნებიან ეფექტურები და ხოდა თუ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში იქნებიან, სოციალურად დაემხობათ ეს ქვეყანა თავზე...ერთი წლის განმავლობაში მოხდება იმ ტიპის კრიზისი, რომელიც წალეკავს ამ ხელისუფლებას. შეიძლება რიგგარეშე არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ ვეღარც მიიღოს მონაწილეობა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, „მოქალაქეთა კავშირის“ სცენარი მაქვს მხედველობაში. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში".
გადაცემაში მან ყურადღება გაამახვილა იმ სცენარზეც, თუ ოპოზიცია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს და მისი ნაწილი პარლამენტში შევა:
"თუ ოპოზიცია დაიშალა, ვიღაც შევიდა, ვიღაც გარეთ დარჩა, მაშინ აგრეთვე იქნება ძალიან სერიოზული რისკები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე კატეგორიული ვერ ვიქნები. თუ ვიღაც პარტიები შევიდნენ და "გააპრავეს" ყველაფერი, მერე გაგრძელდება, იმათ შიგნით მოგუდავენ, ამათ გარეთ მოგუდავენ და იქნება იგივე სტაგნაცია, დაბალი ეფექტურობა, კორუფციის მატება, ჭაობი იქნება. ეს ჭაობიც დამთავრდება, მაგრამ მისი დასრულების ვადამ შეიძლება იქით გადაიწიოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "დილის საუბრებში".
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს თითქმის 5 საათს გაგრძელდა. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მათ პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.
ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.
დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.