Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 დღე პირველ სხდომამდე - ვისთან ერთად აპირებს "ოცნება" პარლამენტში შესვლას


„ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მარტოს არ მოუწევს შესვლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება; ხოლო მომავალ წელს პარლამენტში მთელი ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის ამ ეტაპზე ეს იმედი სრულიად გაუგებარია, რადგან ხელისუფლება არცკი განიხილავს ოპონენტების 4-პუნქტიანი შეთავაზების მთავარ საკითხებს. პარალელურად, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი რიგებიდან რამდენიმე პირი შესაძლოა მაინც შევიდეს ახალ პარლამენტში.

  • ვინ რა პოზიციაზეა?
  • შესაძლოა თუ არა ოპოზიციური ერთობის დარღვევა?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თუკი პირველ სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა?

ვის შეატყვეს ყოყმანი?

8 დეკემბერს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისევ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ცხარე კამათი ოპოზიციური ერთობის შესაძლო დაშლასა და რამდენიმე ოპოზიციონერის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით.

ამ შინაარსის ინფორმაციას დილიდან ავრცელებდა „მთავარი არხი“ და სოციალურ ქსელში ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ წერდა ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. ითქვა, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და პარლამენტში შესვლას გეგმავს 3 პოლიტიკური ძალის დაახლოებით 7 წარმომადგენელი.

„ეჭვმიტანილ“ პარტიებს შორის დასახელდნენ - გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები “ და „გირჩის“ ის ჯგუფი, რომელსაც მათი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.

8 დეკემბერს „ეჭვმიტანილებმა“ ეს ინფორმაცია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით უარყვეს. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მისულმა ელისაშვილმა და ვაშაძემ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოდ ნასროლი ტალახი და სიბინძურე უწოდეს.

ირონიითა და სარკაზმით სცადეს ეჭვების გაფანტვა „გირჩის“ სამკაციან ჯგუფშიც. ითქვა, რომ - არ წავლენ ოპოზიციური ერთსულოვნების წინააღმდეგ.

და თუკი მაინც ვინმე, ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლად შევა პარლამენტში, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ასეთი პოლიტიკოსი სამუდამოდ დაიღუპავს კარიერას და გაყიდულად გამოცხადდება.

რით დასრულდა მეოთხე რაუნდი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მორიგი შეხვედრა კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ოპოზიციის რიგებში პოზიციების გარკვეულ დაახლოებაზეც ლაპარაკობენ, მაგრამ, არა მათთვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.

  • „პირველ ორ საკითხზე - რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა მხარეთა პოზიციებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. ჩვენი პარტია ამის გარეშე არ განიხილავს კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“;
  • „სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ... სადაც დაახლოვდა ჩვენი პოზიციები, იმ მიმართულებით ძალიან კარგი ნაბიჯები გადავდგით... არ შევდივარ ამ პარლამენტში, არა... არ შევთანხმებულვართ არაფერზე... ვინც მაბრალებს ამას, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას“ - ალეკო ელისაშვილი, „მოქალაქეები“;
  • „თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს - ამაში ყველანი ვართ ერთიანი... შეთანხმებას პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“;
  • „სანამ ერთიანი პოზიციები არ ჩამოყალიბდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში და სანამ შეთანხმება არ იქნება, მანამდე შესვლას არავინ არ განიხილავს პარლამენტში... ოპოზიციის შეთავაზებული ყველა საკითხი ძალაშია და თუ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება, ცალკე აღებული ჩვენ არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლას“ - გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ქართულ ოცნებას“ 8 დეკემბერს გამართულ მეოთხე რაუნდზე, მესამე რაუნდის მსგავსად, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდნენ.

თალაკვაძის თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კვლავაც გამორიცხულია, ხოლო საარჩევნო რეფორმის გარშემო შეთანხმება შესაძლოა პარლამენტის პირველ სხდომამდე, 11 დეკემბრამდეც მოხდეს.

  • „დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება“;
  • „რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და ამიტომ ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით... ამიტომ ჩვენ მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა... თუ შეთანხმებას შევძლებთ ამ ორი დღის განმავლობაში, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა“.

მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მედიატორმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ - ჩატარდება იმდენი რაუნდი, რამდენიც საჭირო იქნება შეთანხმების მისაღწევად. არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს.

რა დროს აძლევს ხელისუფლება ოპოზიციას?

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება. თუკი ყველა ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელ საჯარო განცხადებებს გავითვალისწინებთ, ამ სხდომაზე „ქართული ოცნება“, წესით, სულ მარტო უნდა აღმოჩნდეს.

მაგრამ ირაკლი კობახიძემ 7 დეკემბერს თქვა და 8 დეკემბერსაც გაიმეორა, რომ - ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოსაფიქრებლად დრო მიეცემათ:

„თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ გვაქვს მექანიზმი და ავამოქმედებთ - მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ...

ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული... ნებისმიერ დროს, მომავალ წელს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“.

მსგავსი განცხადებები ირაკლი კობახიძემ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს არაერთხელ გააკეთა.

რამდენად შესაძლებელია ეს და რას გვეუბნება კონსტიტუცია?

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:

  • პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი.
  • პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ არ დაუკმაყოფილებს და მათ პროცესის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება მოუწევთ, დრო მართლაც გაიწელება.

მაგრამ როგორც კონსტიტუციონალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას - „ქართული ოცნების“ ეს სვლა თავისთავად წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან.

„ეს იქნება კონსტიტუციის არაკეთილსინდისიერი განმარტება. არსებობს წესები, რომ (კონსტიტუციის) ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან ერთობლიობაში. როცა კონსტიტუციის ამ მუხლს ვკითხულობთ, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ კითხვა და იქ წერია, რომ - პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

უფლებამოსილების შეწყვეტა - ეს არის პირის თავისუფალი ნების გამოვლენის ერთ-ერთი ფორმა და ნების თავისუფლებაც კონსტიტუციური უფლებაა. კონსტიტუციური იქნება თუ არა პარლამენტის მიერ ამის დაუკმაყოფილებლობა? ჩემი აზრით - არა.

ამ სამ შემთხვევაში, რაც გულისხმობს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას - გარდაცვალების, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ანდა პირადი განცხადებით მოთხოვნის შემთხვევებს - პარლამენტმა უნდა შეამოწმოს მხოლოდ ფაქტის ნამდვილობა და უნდა დააკმაყოფილოს“.

რა დროშია შესაძლებელი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა?

თუკი პარლამენტის რეგლამენტში განსაზღვრულ ვადებს გავითვალისწინებთ, ამა თუ იმ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ჯერ მარტო დასკვნის მომზადებას შესაძლოა 15 დღე დასჭირდეს:

  • დეპუტატი განცხადებას წერს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და შემდეგ ეს საკითხი შესასწავლად გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს;
  • დეპუტატს ეძლევა 7 დღე, თუკი ის მოინდომებს - გამოითხოვოს წარდგენილი განცხადება და „გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“;
  • პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“;
  • ეს დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში;
  • პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
  • ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კენჭისყრა დაუშვებელია პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების შესაძლებლობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მხოლოდ მას შემდეგ ექნებათ, რაც ეს უფლებამოსილება აღიარებული იქნება ახალი პარლამენტის მიერ.

ნოემბრის ბოლოს გახმოვანებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია პროტესტს სამი შეთანხმების ხელმოწერით გამოხატავს.

სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმის გარდა, ლაპარაკი იყო პარტიული სიების გასაუქმებლად ცესკოში გასაგზავნ განაცხადზე - რათა უარის მთქმელი დეპუტატები სიებიდან ავტომატურად სხვებმა არ ჩაანაცვლონ, და გეგმაში იყო ასევე ხელმოწერა მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

არის თუ არა ეს შეთანხმება ისევ ძალაში?

რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის ეს გეგმა არ შეცვლილა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG