Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულამ" ოპოზიციის მიერ "ოცნებისთვის" შეთავაზებული წინადადებები გამოაქვეყნა


ოპოზიციურმა პარტიებმა 6 დეკემბერს გამართეს შეხვედრა „ლელოს“ ოფისში და დაადასტურეს, რომ ერთობლივად მსჯელობდნენ 4 დეკემბერს, ელჩების დახმარებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი შეთავაზების საპასუხოდ მიღებულ წინადადებებზე. ოპოზიცია ერთსულოვნებას ინარჩუნებს - ასეთი განწყობით დაასრულეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ მანამდე გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი და რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა.

დოკუმენტის პირველ მუხლში ოპოზიცია მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას. „უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს“ წერია ოპოზიციური პარტიების შეთავაზებების შემცველ დოკუმენტში.

მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

ოპოზიციამ მთავრობას წარუდგინა თავისი მოთხოვნები საარჩევნო სისტემის გარშემო: „ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით“ და „თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით“, წერია „ფორმულის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მეოთხე პუნქტი „საარჩევნო ადმინისტრაცია“ ყველაზე ვრცელია და მასში მოყვანილია 16 მოთხოვნა, რომელთაგან პირველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეხება: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ“. ამას გარდა, სხვათა შორის, ლაპარაკია ხმების გადათვლის საფუძვლებისა და წესების შეცვლის საჭიროებაზე, თითის ანაბეჭდების ამოსაცნობი სისტემის გამოყენებაზე, იმის შესახებ, რომ „უნდა აიკრძალოს საარჩევნო დღეს საარჩევნო უბნების ირგვლივ ადამიანების შეკრება (მაგალითად, არანაკლებ 100 მეტრის რადიუსით) და გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის წესები და მოვიდეს შესაბამისობაში ეუთო/ოდირის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. საჯარო მოხელეებს აკრძალული უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა“ და სხვა. ტელეარხმა "ფორმულამ" ეს დოკუმენტი ექსკლუზიურად მოიპოვა.

6 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 7 ან 8 დეკემბერს გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული დიალოგის მე-3 რაუნდი და ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი პოზიციით წარსდგება. მიმოწერის კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. ითვლება, რომ ოპოზიციის ერთიანი მიდგომის ქვაკუთხედად, ლიდერების თქმით, კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა რჩება.

XS
SM
MD
LG