Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, ვის ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე, ახალი პროტოკოლის მიხედვით


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

დღეს დაანონსებული გაფართოებული ტესტების ფარგლებში მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტირების ჩატარება ყველა იმ კლინიკაში შეეძლებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი საქართველოში სულ 250-მდე დაწესებულებაა.

მისი თქმით, ტესტები ჩაუტარდებათ მხოლოდ ე.წ. სიმპტომურ პაციენტებს.

"საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტები ოჯახის ექიმებთან დადიან სხვადასხვა მიზეზებით, აქვე მათივე ოჯახის ექიმის მითითებით, აიღებენ ტესტს, როცა ამის საჭიროება იქნება", - თქვა გაბუნიამ.

მანვე განმარტა, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეჭვი ინფიცირებაზე, საკუთარი ინიციატივით არ უნდა მივიდნენ კლინიკაში:

"როდესაც სახეზეა სიმპტომები, რაც შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული, პაციენტი ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს. ოჯახის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და ჩაუნიშნავს ვიზიტს ტესტირებისთვის და იქვე გაიგებს პასუხს და მისცემენ რჩევას. [მოგვიანებით] დაუკავშირდება ოჯახის ექიმი, რომელიც გააგრძელებს მეთვალყურეობას, როგორც კოვიდინფიცირებულ პაციენტთან".

მანვე განმარტა, რომ იშვიათ შემთხვევაში, როცა პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, ის თავად მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, შესაძლებელი იქნება, კლინიკასთან შეთანხმებით, ბინაზე გატესტვა.

"სისტემატურად ამას ვერ გავაკეთებთ", - დასძინა მან.

გაფართოებული ტესტირება ქვეყანაში ე.წ. პიკის დროს, ხვალიდან ორი თვის განმავლობაში ჩატარდება. დღიურად 20 ათასი ადამიანის დატესტვა იგეგმება, ამას დაემატება კერძო კომპანიების მიერ ჩატარებული ტესტები.

XS
SM
MD
LG