გერმანიაში COVID-19-ის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი 2022 წლამდე გასტანს, განაცხადა ვაქცინის საკითხში გერმანიის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, თომას მერტენსმა გერმანიის პრესასთან ინტერვიუში.
„თუ შესაძლებელი იქნება დღეში 150-200 ათასი ადამიანის ვაქცინაცია კვირაში ხუთი ან ექვსი დღის განმავლობაში, - თუკი ვაქცინა ხელმისაწვდომია და ხალხი თანახმაა ვაქცინის გაკეთებაზე, - მაშინ შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ, რა დროს წაიღებს ეს“, - განაცხადა მერტენსმა და დასძინა, რომ ამ სისწრაფით 100 დღეში 15 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოხერხდება.
გერმანია სწრაფი ტემპით მუშაობს ვაქცინაციის ცენტრების შექმნაზე მთელს ქვეყანაში, რათა ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს, როგორც კი ევროპაში ვაქცინის გამოყენებას დაამტკიცებენ.
მთავარმა კონკურენტებმა, Moderna-მ და Pfizer-BioNTech-მა მიმდინარე კვირაში ევროკავშირში განაცხადები შეიტანეს თავიანთი ვაქცინების დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, მოხერხდება თუ არა ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60%-დან 70%-მდე უნდა შეიძინოს იმუნიტეტი, - ვაქცინაციით ან ინფიცირების გზით, - რათა მთავრობამ გააუქმოს ისეთი ამკრძალავი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, კერძო თავყრილობები.
2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოყენებისთვის დაამტკიცა BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება ყველაზე დაუცველი ჯგუფების ვაქცინაცია.