Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა ბეჟუაშვილი პროკურატურაში გამოსაკითხად მივიდა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე


გენერალურ პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოსაკითხად მივიდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი. საგამოძიებო ორგანოში, სადაც ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა, ის მოწმის სახითაა დაბარებული. გამოკითხვაზე შესვლამდე ბეჟუაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გელა ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2005-2008 წლებში იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი შეცვალა, მის შემდეგ კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე გახდა. გელა ბეჟუაშვილმა 9 ოქტომბერსსაჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას და თქვა, რომ "დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის პროცესში და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ." მაშინ მან თქვა, რომ სასამართლოსგან მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ელოდა, რაც შეეხება ბრალდებულებს, მათზე თქვა, რომ "ამ ადამიანების პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მაქვს საფუძველი, მათდამი ეს დამოკიდებულება შევიცვალო”

გამოძიებამ კარტოგრაფების საქმეზე გასულ კვირაში დაკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2008-2012 წლებში, ნინო კალანდაძე. გამოძიების საწყის ეტაპზე დაიკითხა ასევე ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005-2007 წლებში.

ამ საქმეზე ამ დრომდე დაკითხული არ არის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატები ითხოვენ, გამოიკითხონ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის დავალებითაც ჩამოიტანა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებიდან საქმეში არსებული კარტოგრაფიული მასალა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებაზე საქალაქო სასამართლო 30 ნოემბერს 7 საათზე მეტხანს მსჯელობდა - მოსამართლე ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეეცვალა წინასწარი პატიმრობა და ორივე ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში დატოვა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადება და ამ ვადით გამოძიების გახანგრძლივება 25 ნოემბერს ითხოვა გენერალურმა პროკურატურამ.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

XS
SM
MD
LG