ადვოკატები აპირებენ, გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დარჩნენ.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამისთვის დაცვის მხარეს კანონით გათვალისწინებული 48 საათი აქვს:
„აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა, დარჩა პატიმრობა ძალაში. 48 საათი გვაქვს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება, განჩინება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, რომ ახალი არაფერი წარმოგვიდგენია დაცვის მხარეს თითქოს, რაც ახალ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო. რაც არის ტყუილი და სიცრუე. ან ჩვენ არ გვისმენდა, ან თვითონ შეგნებულად ტყუის სასამართლო.
მეორე არგუმენტი ის იყო, რომ თურმე ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც ასევე არის წარმოუდგენელი სიცრუე“, - აღნიშნა გიორგი მახარაძემ. მისი თქმით, სასამართლო სხდომის 7 საათის განმავლობაში დაცვის მხარემ ერთი საღი არგუმენტიც კი ვერ მოისმინა იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არც ის გარემოება, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.