Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არც ის გარემოება, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა.

"ამ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მოსამართლეს სჭირდებოდა გამბედაობა. მოსამართლეს ეს გარემოება არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა მართლმსაჯულების სისტემისთვის არის უცხო", - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სხდომის შემდეგ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

XS
SM
MD
LG