Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე: პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერს ხელს


ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიცია შეიკრიბება და ლიდერები სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ტრადიციული ფართომასშტაბიანი შეკრებისგან რუსთაველზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ გაყალბებული არჩევნების შედეგად, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, შედგება ოპოზიციის შეკრება, სადაც ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი ეს იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ოპოზიციის მოთხოვნა არის ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. მესამე დოკუმენტი გულისხმობს უკვე პარტიულ განაცხადს, სადაც ჩაიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არც ერთი პარტია არ მოახდენს არშესული დეპუტატების ჩანაცვლებას. ანუ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური პოლიტიკური აქცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული“.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კი შეიძლება გაიხსნას, თუ მას დაესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

XS
SM
MD
LG