Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრძალვები, შეზღუდული პროტესტი, სახეცვლილი აქციები - ვის შეცდომებს იმკის საქართველო?


COVID 19-ის სწრაფად მზარდი სტატისტიკისა და ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვების ფონზე ოპოზიცია ტაქტიკურ გეგმებს ცვლის და აქციების ახლებურ ფორმებზე მსჯელობს. არ იცვლება ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციის სტრატეგიული მიზანი - აიძულოს ხელისუფლება, გამართოს ვადამდელი არჩევნები. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ინფექციის გავრცელებას კვლავ ოპონენტებს აბრალებს და ერთადერთ გამოსავლად მკაცრ შეზღუდვებს თვლის.

  • რა შეკითხვებსა და ეჭვებს აჩენს ხელისუფლების ბრალდებები ოპოზიციის მისამართით?
  • ეშლება თუ არა ხელი დემოკრატიულ პროცესებს კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით?
  • რატომ ცვლის აქციებთან დაკავშირებულ გეგმებს ოპოზიცია?

27 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ აღარ გაიმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქცია დეკემბერში, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს. ისინი ახლა აქციების ახალ, ორიგინალურ გეგმებზე ფიქრობენ და პარალელურად, შეზღუდვებით უკმაყოფილო ბიზნესმენებთან შეხვედრას გეგმავენ.

  • „ერთი რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და რაზეც საერთო კონსენსუსი არსებობს - პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება... ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება.. ვგეგმავთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან. მათთან საუბრის თემა იქნება ორი - საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და, რა თქმა უნდა - დაწესებული რეგულაციები. ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;
  • „პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული და ორიგინალური იდეა - რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით... საბოლოო ფორმებზე შევჯერდებით ხვალ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, გაფართოებული შეხვედრის დროს“ - ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტია;
  • „ბრძოლა არ წყდება, პოლიტიკური პროცესი არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება, უკან დახევა არ მოხდება... უბრალოდ, მოკლევადიან ტაქტიკურ გეგმებში, ბუნებრივია, ისეთმა კატაკლიზმებმა, რაც დღეს დაატყდა ქვეყანას თავს, შეიტანა გარკვეული ცვლილებები“ - ანზორ ბიწაძე, „ერთიანი საქართველო“.

დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციასა და მოქალაქეებს არ ართმევს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს შეკრებისა თუ მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია - „მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებით კონსტიტუციური უფლებების აკრძალვა ვერ მოხდება“.

თუმცა მისთვის ასევე ცხადია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის ფონზე, ხალხს მაინც გაუჭირდება აქციებზე მისვლა - „ხალხმრავალი აქციები წარმოუდგენელია მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე“.

ჩოკორაიას უჭირს იმის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩასახშობად დააწესა; მაგრამ მას ამ მხრივ ეჭვები მაინც უჩნდება.

ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება დამაიმედებელი სტატისტიკისა და განცხადებების ფონზე ცდილობდა არჩევნების სწრაფად ჩატარებას... ისინი ცდილობდნენ, რომ ეპიდემიის პირველი ტალღის მშვიდობიანად დასრულება გამოეყენებინათ და გაენაღდებინათ არჩევნებში გამარჯვება...

იყო ასეთი მოლოდინი ხალხში, რომ არჩევნების შემდეგ დაწესდებოდა შეზღუდვები - ზოგს ალბათ ინფორმაციას ჰქონდა, რომ ეს ასე მოხდებოდა. გამართლდა ეს მოლოდინი, ფაქტია. ხელისუფლების მხრიდან ინფექციის გავრცელების ოპოზიციისთვის გადაბრალება და არათანმიმდევრული ნაბიჯები აჩენს ასევე ეჭვს - ხომ არ ხდება დაწესებული შეზღუდვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება...“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

რეჟიმს, რომელიც საქართველოში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება, მთავრობა მხოლოდ „მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასა და გაფართოებას“ უწოდებს, ხოლო ბევრი ადრესატისთვის, რომლებიც სამსახურსადა შემოსავალს დაკარგავენ - ეს შეზღუდვები „ლოქდაუნის“ ტოლფასია. ასეთი განწყობები კარგად ჩანს სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

ხელისუფლება საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ვითარება კრიტიკულია და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე, კატასტროფისგან ხსნის გზა პრაქტიკულად არ არსებობს. ვითარების სირთულეზე მეტყველებს სწრაფად მზარდი სტატისტიკა, ინფიცირებული ექიმების მთელი არმია და სიკვდილიანობის სახიფათო მაჩვენებელიც.

„ჩვენი კრიტიკული ყოველდღიური ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე (დაახლოებით 8 დაღუპული მილიონ მოსახლეზე)... ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ... სამწუხაროდ, ამ ზღვარს ჩვენ გადავედით და საჭიროა ძალიან სერიოზული ეს შემზღუდველი ღონისძიებები“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

რა არის ინფიცირების მაჩვენებლების სწრაფად ზრდის მიზეზი და რატომ მივედით აქამდე?

ამ საკითხზე საუბრისას თითი ბოლო დღეებში ოპოზიციისკენ გაიშვირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა. შექმნილი სიტუაცია, მეორე ტალღის არსებობის გარდა, დიდწილად სწორედ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს დაბრალდა.

პრემიერ გიორგი გახარიას, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილისა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შემდეგ, იგივე გააკეთა 27 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც.

„მნიშვნელოვანი წვლილი ეკუთვნის იმ მნიშვნელოვნად გაზრდილ მობილობას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა, თუ გნებავთ - აქციების ფონზე და ასევე, ისევ არჩევნებთან დაკავშირებული დიდი შეკრებების ფონზე. ეს არ არის ჩვეულებრივი მობილობის ფონი, ეს იყო განსაკუთრებით გაზრდილი მობილობის ფონი და რა თქმა უნდა, ამან თავისი შედეგი გამოიღო “ - განაცხადა გაბუნიამ დღეს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი შინაარსის განცხადებებს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში და ყოველ ჯერზე, ხელისუფლებას შეახსენებენ - ზაფხულის გაუკონტროლებელ, სახიფათო ხალხმრავლობას დენდროლოგიურ პარკსა თუ შავი ზღვის სანაპიროზე, უპირატესად - ბათუმში.

მოცემული სიტუაცია თავიდან ბოლომდე ხელისუფლების თვითტკბობისა და ზაფხულის განმავლობაში სამედიცინო სექტორის არასათანადო მომზადების ბრალია - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯანდაცვის სპეციალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი ვატო სურგულაძე.

ის ფიქრობს, რომ ადეკვატური მომზადების პირობებში დღეს უკვე ასეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება საჭირო აღარ იქნებოდა.

„არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები და არ ვიტყვი, რომ სიტუაცია განზრახ მიუშვეს... მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი კონტროლდებოდა, ხელისუფლება კოვიდთან გამარჯვების ხიბლში იყო და პარალელურად, საერთოდ არ ემზადებოდა მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის...

აპრილში ამ სფეროს სპეციალისტებმა კონკრეტული გეგმაც შევიმუშავეთ... არ დაინტერესებულა ხელისუფლება, არავის დავუძახივართ და არაფერი უკითხავთ...

თავისი გეგმები რომ დადეს, იქაც ჩავერთეთ, შენიშვნები გავუგზავნეთ - არაფერი გაუთვალისწინებიათ... იმას, რაც დღეს ხდება, მე მაინც ცოდნისა და კვალიფიკაციის ნაკლებობას მივაწერ“ - ეუბნება სურგულაძე რადიო თავისუფლებას.

მისი შთაბეჭდილებით, ახლა ხელისუფლება შექმნილ სიტუაციას სათავისო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ოპოზიციასაც ამიტომ ადანაშაულებს.

„გაზაფხულზე, როცა ინფიცირების მაჩვენებლებით ესპანეთი იტალიას არ ჩამორჩებოდა, მადრიდში მეტრო არ გაჩერებულა... ახლაც ეს შეზღუდვები ძალიან აწყობდათ ხელისუფლებაში... ხალხმრავალი მიტინგები აღარ იქნება და მშვიდად ჩაატარებენ იმ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, სადაც მარტო თვითონ იქნებიან. მაგრამ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს“ - ამბობს სურგულაძე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ამ ეტაპზე ჯერ ისევ ჩიხური მდგომარეობაა და მხარეები მთავარ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ხელისუფლებისთვის წითელ ხაზს - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს, 8 ოპოზიციური პარტიისთვის კი - ვადამდელი არჩევნების არდანიშვნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG