საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „პარიზი არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას“. „როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ვალდებული ვართ, ვიმუშაოთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებაზე, კერძოდ, სამომავლო სტატუსზე“, აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგი არ შეიძლება განისაზღვროს წინასწარ და ცალმხრივად.
სამინისტროს განცხადებით, ახლა საფრანგეთისთვის პრიორიტეტულია, უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ დაბრუნება.
საფრანგეთი, აღნიშნავს სამინისტრო, „განწყობილია კონფლიქტის ხანგრძლივი მოგვარებისთვის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების, ღირსების და მოთხოვნების შესაბამისად და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იყოს. პარიზი, აცხადებს სამინისტრო, მომავალშიც გააგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე.
საფრანგეთის სენატმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოწოდებას, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
ერევანი და სეპარატისტული რეგიონი მიესალმნენ სენატის გადაწყვეტილებას, ბაქომ კრიტიკა გამოხატა.