გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადების შუამდგომლობით მიმართა და ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულების ადვოკატებს მიაწოდა. როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროკურატურის ეს ნაბიჯი ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარეს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და სხდომის გადადებასაც სწორედ ამიტომ ითხოვენ.
საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღეში უნდა განიხილოს პროკურატურის წინადადება და გადაწყვეტილების შესახებ მხარეებს აცნობოს - ამ დროისთვის ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს არის ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და წინასასამართლო სხდომის გამართვას გადაავადებს, სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიებაზე და დაკავებულების ადვოკატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, დააყენონ წინასწარ პატიმრობიდან მათი გათავისუფლების საკითხი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე დააყენებს, საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვის მოთხოვნაა: ედუარდ მარიკაშვილმა წერილებით, რომელიც მათგან გამოკითხვის ნებართვის მიღებას ისახავს მიზნად, უკვე მიმართა თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. იმ შემთხვევაში, თუკი დაცვის მხარის მიერ ნებაყოფლობით გამოკითხვაზე მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები უარს იტყვიან, ივერი მელაშვილის ადვოკატები ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.
რადიო თავისუფლება წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადების ინიციატივაზე კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურასაც და მათ პოზიციას მიღების შემთხვევაში ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.
29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.
ასევე ნახეთ: აგრძელებს თუ არა სახელმწიფო კარტოგრაფების საქმის გამოძიებას
"გარეჯი საქართველოა!" - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ