„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უპრეცედენტოს უწოდებს, და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მრავალფეროვანი პარლამენტის მისაღებად:
"9 სუბიექტი პარლამენტში - ეს უპრეცედენტო შედეგია. პარლამენტია ის ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ერთად გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება, შევინარჩუნოთ ის სტაბილურობა, რაც გაგვაჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ და პირიქით, დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.
„ოპოზიციამ უნდა გააანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, - აცხადებს გია ვოლსკი და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედეგიანი აღმოჩნდება.
„პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ეძახიან პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისს თუკი თავად შექმნიან, ამას ჰქვია ხელოვნურად შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.