პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის შეუძლებელია პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მისი თქმით, ელჩები შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ეძებენ და ეს გამოსავალი იქნება ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისა და აქციების შეწყვეტის შესაძლებლობას შექმნის. ნინო ბურჯანაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესების მიღების შემთხვევაში, არჩევნები ქვეყანაში აზრს დაკარგავს. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში კომპრომისი მხოლოდ ხელახალი არჩევნები შეიძლება იყოს.
„მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელიც არის გაყალბებით არჩეული და ავუხსენი მათ, რომ თუ ეხლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მიიღონ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს“, - ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ფასილიტატორებს კარგად ესმით, რამდენად მძიმეა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება:
„ჩვენი მეგობრები დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა ამ შეხვედრაზე ბატონი კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ფასილიტატორები ანუ დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში, ჩვენ არა ვართ აქ, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ აჩვენებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, საქართველოს პოლიტიკური კლასისა და პოლიტიკური ცხოვრებისადმი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.
აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.